ამ წარმატებას მარტო პლაქვენილს ვერ მივაწერთ, მაგრამ მისი დამსახურებაც არის ასეთი კარგი შედეგები

პლაქვენილი ენიშნება საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე ავადმყოფებს. ეს ტაქტიკა და გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაში მოდის ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის რეკომენდაციებთან. ასე რომ, ჯერჯერობით პროტოკოლის შეცვლა არ იგეგმება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციას 28 მარტს აქვს გაცემული ასეთი რეკომენდაცია და მას შემდეგ არაფერი შეუცვლია.

„პლაქვენილით მკურნალობის რეკომენდაცია აგრეთვე სრულ შესაბამისობაში მოდის მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტებისა და ქვეყნების, მათ შორის აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთის და სხვების მიერ მიღებულ ტაქტიკასთან. რაც ყველაზე მთავარია, ამ ტაქტიკამ მაქსიმალურად გაამართლა საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ 400-ზე მეტი ინფიცირებულიდან 5 გარდაცვლილი გვყავს, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ციფრია, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე განმარტებით, საქართველო ევროპის 53 ქვეყანას შორის ავადმყოფებისა და გარდაცვლილების რაოდენობით 49-ე ადგილზეა და ჩვენზე ნაკლები ავადმყოფი და გარდაცვლილი მხოლოდ ისეთ ჯუჯა სახელმწიფოებს ჰყავთ, როგორიცაა ლიხტენშტეინი, მონაკო, ვატიკანი და მონტენეგრო.

„ამავე დროს, პლაქვენილისგან არც ერთი გართულება არ ყოფილა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოში გარდაცვალების ასეთი დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ პლაქვენილის დამსახურებაა, რა თქმა უნდა ასე არ არის. სხვა ბევრ მედიკამენტს ვიყენებთ და თითოეულ პაციენტთან გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს, ამიტომ ამ წარმატებას მარტო პლაქვენილს ვერ მივაწერთ, მაგრამ მისი დამსახურებაც არის ასეთი კარგი შედეგები. ამიტომ ამ ეტაპზე არავითარი საფუძველი არ გვაქვს პროტოკოლის ამ პუნქტში ცვლილების შეტანის. მსოფლიოში გრძელდება კვლევები რამდენიმე მედიკამენტზე, მათ შორის პლაქვენილზეც და თუ დაიდება სარწმუნო შედეგი რომელიმე სხვა მედიკამენტის უფრო მეტ ეფექტურობაზე ვიდრე პლაქვენილს აქვს, ჩვენ რა თქმა უნდა, მაშინვე შევიტანთ ცვლილებებს პროტოკოლში, მაგრამ ამ ეტაპზე ცვლილებები არ იგეგემება, რადგან ჯერჯერობით უკეთესი ალტერნატივა არ გვაქვს“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თბილისში, ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში 2 მოქალაქე 8 დღის განმავლობაში შიმშილობდა
შემდეგი სტატიაფოთის ჰოსპიტალში ორი პაციენტი მოათავსეს