“ამ თვისებებით სულ უფრო ვემსგავსებით იმ საზოგადოებას, რომელმაც ჯვარს აცვა იესო ქრისტე!”

დღეს, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მჯდომარე კიცვსა კარაულისასა, დიდებით შევალს იერუსალემს. ამ დღეს კიდეც ვხარობთ, როგორც ის ხალხი, რომელიც ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღმადგინებელს ეგებება იერუსალიმში, და კიდეც ვწუხვართ, ვხედავთ რა იესოს, რომელსაც იერუსალიმის მოზეიმე ხალხის ხილვისას თვალიდან ცრემლი სდის (რადგან იგი განჭვრეტს შემდგომ მოვლენებს). დღეს ჩვენი სიხარული, ცრემლნარევი სიხარულია, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

“მოვლენა, რომელსაც ჩვენ ვიხსენებთ, გვიჩვენებს, თუ რაოდენ არამყარი და ცვალებადია ადამიანი, როგორ ადვილად ექვემდებარება იგი გარე ფაქტორების ზემოქმედებას; ასევე ნათლად ჩანს, როგორი ზემოქმედება აქვს სინედრიონს ხალხის ცნობიერებაზე, ადამიანის თავისუფალ ნებაზე; თუ გავითვალისწინებთ, რომ დღესდღეობით არსებობს ადამიანზე (საზოგადოებაზე) ზემოქმედების მრავალფეროვანი და ტექნოლოგიურად უაღრესად დახვეწილი საშუალებები, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ როგორი საფრთხის წინაშე დგას თანამედროვე საზოგადოება (მათ შორის ქრისტიანები). ისმის კითხვა: როგორ შეიძლება ასეთ პირობებში თავი დავიცვათ მავნე ზემოქმედებისგან, როცა სულით ხორცამდე ჩართული ვართ გლობალური ობობას ქსელში, საიდანაც ხორციელდება აქტიური ზემოქმედება ჩვენს ცნობიერებაზე? მოგეხსენებათ, რომ ცნობიერება განაპირობებს ყოფიერებას; შესაბამისად, ჩვენი ცხოვრება ისეთია, როგორადაც მას ქმნის და წარმართავს ჩვენი ცნობიერება.

არსებული სინამდვილე გვიჩვენებს, რომ ჩვენს საზოგადოებაში აშკარად იგრძნობა ცოცხალი რწმენის უკმარისობა, ზნეობრივი კრიტერიუმების გაუფასურება; ჩვენ ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე (სულიერ და ზნეობრივ დეგრადაციაზე), რამაც ადამიანი მიიყვანა „ღმერთის მკვლელობამდე“! სამწუხაროდ, მაცხოვრის განკაცებიდან ორიათასი წლის შემდეგ, როცა ჩვენს თვალწინ არის უდიდესი სულიერი და ისტორიული გამოცდილება, კვლავ აქტუალურია იმ პრობლემებზე საუბარი, რაზედაც იესო ქრისტე ყურადღებას ამახვილებს თავის ქადაგებებში. ესენია – როგორც ხორციელი ცოდვები (სიძვა, მრუშობა, მამათმავლობა და ა.შ.), ასევე, სულიერი (უსიყვარულობა, შური, სიძულვილი, ცილისწამება, ვერცხლისმოყვარება, მკრეხელობა და ა.შ.). ამ თვისებებით სულ უფრო ვემსგავსებით იმ საზოგადოებას, რომელმაც ჯვარს აცვა იესო ქრისტე!

ამ უბედურებათაგან ადამიანის დაცვა შეუძლებელია სინამდვილეზე თვალის დახუჭვით, კრიტიკული ხმის ჩახშობით და სხვა რეპრესიული ზომებით, ან თუნდაც მექანიკური თუ ტექნიკური საშუალებებით; ცოდვას თვალი უნდა გავუსწოროთ და მის გამოსწორებაზე ვიფიქროთ. ხოლო რაც შეეხება არსებული ხილული და უხილავი საფრთხეებისგან დაცვას და ამ დაცულობის ხარისხს, მას უზრუნველყოფს მხოლოდ ცოცხალი რწმენა ღვთისა და სულიერი წონასწორობის საყრდენი ღერძი, რასაც წარმოადგენს ქრისტიანულ ფასეულობათა სისტემა.

იმის თქმა, რომ ჩვენი სარწმუნოება ჭეშმარიტია, არ არის საკმარისი; მას განხორციელება სჭირდება.

დავფიქრდეთ იმაზე, რომ ძველი აღთქმის ეკლესიის მესვეურნი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მხოლოდ მათ რელიგიაში იყო ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა, თუმცა, სწორედ მათი ხელდასმით მოხდა იესოს ჯვარცმა; სულ უფრო მეტად გვაფიქრებს დღეს არსებული მდგომარეობა, რადგან მასში აირეკლება ის ვითარება, რასაც ადგილი ჰქონდა ისრაელში, ოღონდ იმ არსებითი განსხვავებით, რომ დღეს ახალი აღთქმის ეპოქაში ვცხოვრობთ და ახალი აღთქმის შვილებად ვიწოდებით. შესაბამისად, მდგომარეობის ტრაგიზმი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე იმ დღეებში. ყოველმხრივ გასათვალისწინებელია ის გამოცდილება, რომ იესოს მამხილებელი ხმის ჩახშობის სურვილმა ადამიანები მიიყვანა ღმერთის ფაქტობრივ უარყოფამდე, თუმცა ფორმალურად ეს აღასრულეს ისევ „ღმერთის“ სახელით. ასეთია ცოდვის ფსიქოლოგია, რაც სიბნელისგან გამოხსნილ ადამიანს კვლავ სიბნელეში აბრუნებს და ამისგან არასდროს და არავინ არის დაზღვეული, არც საერონი და მით უფრო, არც სასულიერონი (რწმენის მასწავლებელნი).

დღეს, მოვედით რა ღვთის ტაძარში, ხელთ გვიპყრია მარადმწვანე ბზის რტო, რაც მომავალ აღდგომაზე მიუთითებს; თუმცა ჩვენ ასევე გვახსენდება იესო ქრისტეს სიტყვები, რომ:

მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ხმისა მისისაი და გამოვიდოდიან კეთილის მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტის მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა (ინ. 5,28-29).

ქრისტესმიერ საყვარელნო, ეს სიტყვები ჩვენ სერიოზული დაფიქრებისკენ მოგვიწოდებს. დღეიდან იწყება კვირა, რომელიც უმძიმესი მოვლენებით არის დატვირთული. ეს გახლავთ ვნების შვიდეული;

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე!

ასე თავდება ღირსი ეფრემ ასურის ლოცვა, რომლის წინა ორი მუხლი გასული კვირათა ქადაგებებში განვიხილეთ.

დღემდე თუ ვინმემ ზერელედ განვლო დიდი მარხვის პერიოდი, ახლა მაინც განვიმოსოთ „ძველი კაცი“ და შევიმოსოთ სინანული, რადგან სინანულით განახლდება ცოდვით დაცემული ბუნება ადამიანისა. ასეთი სამზადისით მივეახლოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, რათა სიხარული ჩვენი იყოს სისრულით.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ სულიერ ღვაწლში, რათა განვსპეტაკდეთ სულითა და სხეულით და საყოველთაო აღდგომისას უფლისა თანა ვიხარებდეთ!”, – განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – „თითოეული მოქალაქის, პოლიციელის, პანკისელის ინტერესი და მიზანი უნდა იყოს ძლიერი საქართველო, და ამას მივაღწევთ“