ამ საკითხზე მუშაობა ხელისუფლებას უფრო ადრე უნდა დაეწყო-ხალხის ხმა “თაიმერზე”

საქართველოში სოციალური დახმარების გაცემის წესი შეიძლება შეიცვალოს. 22 ნოემბერს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალური დახმარების გაცემის სისტემას მანკიერი უწოდა. მისი თქმით, მოსახლეობას რომელსაც მუშაობა შეუძლია ხელისუფლებამ სოციალური დახმარების ნაცვლად სამუშაო უნდა შესთავაზოს.

– არსებული სოციალური პოლიტიკა გვაჩვენებს, რომ მიმდინარე ტენდენციები არის შემაშფოთებელი – ზრდასრული შრომისუნარიანი მოსახლეობა შევაჩვიეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. დღეს შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული რომ დაიწყოს ახალი სამუშაო იმის შიშით, რომ სახელმწიფომ არ მოუხსნას დახმარება; არ არის მოტივირებული, რომ საყოფაცხოვრებო მდგომარეობა გაიუმჯობესოს და ეს, რა თქმა უნდა, არის კატასტროფა.
ჩვენ, როგორც მთავრობამ, უნდა გადავდგათ გაბედული და ქმედითი ნაბიჯები… უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოგიდგენთ ახალ სოციალურ ხედვას, თუ როგორ უნდა შევცვალოთ არსებული მანკიერი სისტემა გაჯანსაღებული სისტემით… ჩვენ, ნაცვლად სოციალური დახმარებისა, უნდა შევთავაზოთ შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ასეთი ათასობით და ათი ათასობით სამუშაო ადგილები, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის ინიციატოვას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობა სწორად იქცევა როცა სოციალურის ნაცვლად ხალხს სამუშაოს სთავაზობს. მეორე ნაწილის აზრით კი, ხელისუფლებამ არჩევნები მოიგო და ხალხი ფეხებზე დაიკიდა.

„თაიმერმა“ ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი გამოკითხა. მათი მოსაზრებებიც განსხვავებულია, თუმცა ერთ რამეში ყველა თანხმდება, ხელფასი სოციალურ დახმარებას სჯობია.

ირაკლი, 46 წლის: სოციალური დახმარების სისტემა დიდი ხანია რაც შეცვლას საჭიროებს. თავი დავანებოთ იმას, რომ ამ დახამრებას იღებს ის ხალხი, ვისაც არ სჭირდება. ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ სოციალურმა დახმარებამ ადამიანები გააზარმაცა. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფლებში. ადამიანები არ მუშაობენ, ელოდებიან როდის აიღებენ სოციალურ დახმარებას. ამბობენ რომ ცოტაა, მაგრამ ეს ცოტა აკმაყოფილებთ. ხელისუფლება კარგს იზამს თუ ამ პოლიტიკას შეცვლის, მაგრამ სანამ სოციალურის მოხსნაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას ადამიანებს სამუშაო უნდა მოუძებნონ.

ნუგზარი, 59 წლის: არავის არ სიამოვნებს სოციალურზე ყოფნა და უფასო სასადილოებში საკვების მიღება, მაგრამ ადამიანებს სხვა გამოსავალი არ აქვთ. ზოგისთვის ეს სოციალური მართლა შემოსავლის ერთადერთი წყაროა, მათ შორის შრომისუნარიანებისთვისაც. ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელიც სამუშაოს ვერ შოულობს. მათ რა უნდა ქნან, შიმშილით მოკვდნენ? სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ კარგად უნდა დაფიქრდნენ. ჯერ სამუშაო უშოვონ ხალხს და მერე გაუუქმონ სოციალური. სოციალურის დახმარებას გაუქმებას სხვა მიზეზეთაც ვუჭერ მხარს, ადამიანებს ვეღარ დააშანტაჟებენ. ყველა ხელისუფლება ემუქრება დახმარებაზე მყოფებს, თუ ხმას არ მოგვცემთ დახმარებას მოგიხსნითო.

სალომე, 22 წლის: სოციალურ დახმარებას ისინი უნდა იღებდნენ, ვინც ამას საჭიროებს. ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც სხვადასხვა მიზეზების გამო მუშაობა არ შეუძლია. სახელმწიფომ ისინი უნდა დაიცვას, მათ დახმარება უნდა გაუზარდოს, ამ თანხით ცხოვრება შეუძლებელია. ჯანმრთელ და შრომისუნარიან საზოგადოებას რაც შეეხება, ის არც უნდა კადრულობდეს დახმარების მიღებას. სოციალურმა ადამიანები გააზარმაცა. ის ხალხი, ვისაც სოციალურრი აქვს სამსახურს აღარ ეძებს. იმის გამო არა რომ ეს თანხა აკმაყოფილებთ, არსებული კანონით, მუშაობას თუ დაიწყებ, სოციალური დახმარება მოგეხსნება. სტაბილური სამუშაოს პოვნა კი ძალიან ძნელია. იმათ ვინც ახლა სოციალურს იღებს, შეიძლება 3 თვე იმუშაონ და მერე ისე დარჩნენ. არც სოციალურო ექნებათ და არც ხელფასი. სოციალური დახმარების დაკარგვის გამო, ბევრი კაბალურ პირობებს თანხმდება. ზოგიერთი დამსაქმებელი დახმარებაზე მყოფ ადამიანებს ხელზე აძლევს ანაზღაურებას. ამ შემთხვევაში შემოსავალი არ ფიქსირდება და სოციალურს არ უხსნიან. დამსაქმებელი ამით სარგებლობს და ბევრად ნაკლებ ხელფასს უხდის სოციალურზე მყოფ დასაქმებულს. კარგი იქნება, თუ სოციალურ დახამრებაზე მყოფ ადამიანებს მუშაობის შემთხვევაში რაღაც პერიოდი მაინც არ მოუხსნიან დახმრებას.

მაია, 34 წლის: სოციალური დახმარების პოლიტიკა შესაცვლელია. ჩემი ნება რომ იყოს თავიდან მოვახდენდი სოციალურად დაუცველების აღწერას. ბევრი სულ ტყუილად იღებს ამ დახმარებას. მათთვის დახმარების მოხსნის ხარჯზე, იმათ გავუზრდიდი, ვისაც მართლა სჭირდება სოციალური. ერთი ხელის მოსმით ამ რეფორის გატარება არ შეიძლება. ჯერ სათანადო სამუშაოები გამოინახოს და მერე ელაპარაკონ ხალხს ამ თემაზე. სტაბილური სამუშაო ყველას უნდა, მაგრამ სადაა ეს სამუშაო? ყველა სსიპებში და აიპებში ვერ დასაქმდება. მიწაზე მუშაობა აღარვის უნდა. იმ ანაზღაურებაზე არ უნდა, რაც საქართველოშია, თორემ საზღვარგარეთ ბევრად მძიმე სამუშაოებს ასრულებენ, მაგრამ იქ ანაზღაურებაა მეტ-ნაკლებად სათანადო.

ანა, 44 წლის: ამ საკითხზე მუშაობა ხელისუფლებას უფრო ადრე უნდა დაეწყო. სოციალურმა დახმარებამ ძალიან ბევრი გააზარმაცა. სამსახურის მოძებნასაც არ ცდილობენ. ამ ხალხს ძალიან გაუჭირდება ახალ რეალობასთან შეგუება, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს,. ეს ამ ადამიანებისთვის არის უკეთესი. არ შეიძლება რაღაც მოჭრილი თანხის იმედზე იყო და სხვაზე არაფერზე იფიქრო.

 

ირაკლი ღარიბაშვილი დასაქმების პროგრამაზე – ეს იქნება მრავალწლიანი პროგრამა და მათ ექნებათ სტაბილური დასაქმება

banner
წინა სტატიაში“მადლობა, მიშა!”-წარწერები ზუგდიდში
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – უნდა გავაძლიეროთ და განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა, მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ, მეტად გავაძლიეროთ ოჯახები და სისტემა უფრო მეტად მოქნილი გავხადოთ