,,ამ ქვეყანას ყავს ოკუპანტი, ეს არის რუსეთის ფედერაცია”-გიორგი გახარია

ამ ქვეყანას ყავს ოკუპანტი, ეს არის რუსეთის ფედერაცია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სხვა ყველა მეზობელი იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში განაცხადა.

„რეალურად საკმაოდ ფაქიზი, ფრთხილი საკითხია. ყველას მოგეხსენებათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც მძიმედ დგას დაახლოებით 1996 წლის შემდეგ. ეს არის ქვეყნის პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და ერთმნიშვნელოვნად ყველას კარგად გვესმის, რომ დემარკაციის საკითხი არის პრინციპული საკითხი. ამ თემასთან დაკავშირებით, გარკვეული წლების განმავლობაში იყო გაურკვეველი პაუზა, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. მე შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს პერიოდში, ალბათ უახლოეს მთავრობაზე, ახალი დემარკაციის კომისია იქნება დაკომპლექტებული და ეს სამუშაო დაიწყება ჩვენს მეზობელთან ერთად. კომისია სასწრაფოდ შეუდგება მუშაობას და შესაძლებელ ვადებში, ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს, რამეთუ ეს არის პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა, რომელიც გრძელდება უკვე ათწლეულებია“,-აღნიშნა შს მინისტრმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მოძმე ერი და დემარკაციის კომისიის მუშაობის ფარგლებში, ერთად გადაწყდება ყველა პრობლემა, რომელიც ეხება, როგორც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს, ასევე შედის ეკლესიის ინტერესების სფეროში.

„ყველა სხვა სახის შეფასება არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული შეფასება, ყველა ის შეფასებები ან შედარებები, რომლებიც იყო მაგალითად, რუსეთის ფედერაცია და სხვა მსგავსი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანას ყავს ოკუპანტი, ეს არის რუსეთის ფედერაცია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სხვა ყველა მეზობელი იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ამაში არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი პოტენციალი და აქ გარკვეული კითხვის ნიშნები კი არა, გაჟღერებული არასწორი განმარტებები, არის მაღალი რისკის შემცველი.

დავით გარეჯის საკითხი, დარწმუნებული ვარ, რომ საზღვრის დემარკაციის ფარგლებში იქნება ჩვენი სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრული ურთიერთობის სულისკვეთებით გადაწყვეტილი, სადაც იქნება გათვალისწინებული როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ასევე, ეკლესიის ინტერესები“, – განაცხადა გიორგი გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – დავით გარეჯის საკითხი სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრული სულისკვეთებით გადაწყდება,
შემდეგი სტატიაუპასუხისმგებლობა იქნება იმ განცხადების გაკეთება, რომ სრულად დაცულები ვართ – გახარია პასუხი ბესელიას