“ქართული ოცნების” წევრი, ნინო წილოსანი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას დაკავებას ეხმიანება და გამოძიების დასრულებამდე მას დამნაშავედ მოიხსენიებს.
ნინო წილოსანის თქმით, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს ბაჩოა ახალაია აორგანიზებდა და “სუს-ის გამოძიებამ ყველა კითხვას გასცა პასუხი”.
“მასშტაბური სპეცოპერაცია იგეგმებოდა საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ჩანს ამ ყველაფერს თავად ბაჩო ახალაია აორგანიზებდა და სუს-ის გამოძიებამ ყველა კითხვას გასცა პასუხი, რომელიც მათ შორის იმ 4 ოქტომბრის ე.წ. გმირების დაკავებასთან დაკავშირებით არსებობს, ვგულისხმობ ბატონ ბურჭულაძეს და სხვადასხვა აქტორებს, ვინც დაკავებული არის გადატრიალების საქმეზე,” – თქვა ნინო წილოსანმა.
ივანიშვილის გუნდის კიდევ ერთი წევრი, დავით მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ საზოგადოებას არ გაუკვირდება, თუ ძალოვანი სტრუქტურები ბოლომდე დაადასტურებენ და დაადგენენ ბაჩო ახალაიას როლს ანტი-სახელმწიფოებრივ, კრიმინალურ ქმედებაში.
“ნამდვილად არ გაუკვირდება საზოგადოებას, თუ ძალოვანი სტრუქტურები ბოლომდე დაადასტურებენ და დაადგენენ იმას, რომ ბაჩო ახალაიას ჰქონდა, რა თქმ აუნდა, ერთ-ერთი წამყვანი როლი ამ ანტი-სახელმწიფოებრივ, კრიმინალურ ქმედებაში, რომელიც განხორციელდა თბილისში, პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის სახით.
რა თქმა უნდა, არც ის არის გასაკვირი, რომ ერთ დროს მაღალი “ნაცმოძრაობის” ხელისუფლების ჩინოსანი კვლავ შეეცადოს რევანშს მიაღწიოს ძალადობრივი მეთოდებით და ამაში ჰქონდეს აქტიური როლი, თუმცა ბუნებრივია ჩვენ დაველოდებით გამოძიების შედეგებს, სასამართლო განაჩენს, რაც ვფიქრობთ რომ სწორედ არ იქნება ბაჩო ახალაიას სასარგებლოდ, რადგან ყველაფერი, აქამდე არსებული მტკიცებულება მის ბრალეულობას მიუთითებს.
ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ მას ჰქონდა მცდელობა ქვეყნის ტერიტორიის დატოვებისა. ბუნებრივია, ეს ფაქტი პირდაპირ, თუ ირიბად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ახალაია ცდილობდა თავი აერიდებინა მართლმსაჯულებისგან ქვეყნის საზღვრის დატოვების გზით,” – ამბობს დავით მათიკაშვილი.
ირაკლი ქადაგიშვილის მტკიცებით, ბაჩო ახალაია შეიძლება ხვდებოდა, რომ ადრე თუ გვიან გამოძიებას მასთან დაკავშირებით “კონკრეტული მტკიცებულებები ექნებოდა და გეგმავდა ქვეყნიდან გასვლას”.
შეიძლება ხვდებოდა, რომ ადრე თუ გვიან გამოძიებას მასთან დაკავშირებით კონკრეტული მტკიცებულებები ექნებოდა და გეგმავდა ქვეყნიდან გასვლას. ბაჩო ახალაიას პოლიტიკური აქტიურობა წლების განმავლობაში აბსოლუტურად არავის არ უნახავს, გამომდინარე აქედან, ამ გაგებით, რომ მისი პოლიტიკური აქტიურობა ვიღაცას აწუხებდა ძირშივე, ასე ვთქვათ, არ არსებობს, ასეთი ფაქტი არ არსებობს რამდენიმე, მრავალი წლის განმავლობაში,” – თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.


















