ამ ხელისუფლების საქმე დამთავრებულია

ამ ხელისუფლების საქმე დამთავრებულია – რუსთავი2-ის ეთერში ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ პირველი კომენტარი გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, გააკეთა.

ვაშაძის თქმით, ოპოზიცია ელოდება საბოლოო მონაცემებს, რადგან ეგზიტპოლები მხოლოდ 5 საათის მონაცემებს ასახავს.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა ორი რამ აჩვენა – ერთი, რომ გაერთიანებული ოპოზიცია შედგა და მეორე, ხელისუფლებამ დაკარგა ლეგიტიმაციის ბოლო ნიშანი.

„ჯერჯერობით 55%-45%-ზეა. უდიდეს პატივისცემას ვუდასტურებთ რუსთავი2-ს და Edison Research-ს, მაგრამ აუცილებლად დაველოდებით საბოლოო შედეგებს იმიტომ, რომ ამომრჩევლის უზარმაზარი რაოდენობა მივიდა ხუთი საათის შემდეგ.

“ასეთი არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა. ყველა, ვისი მობილიზებაც ხელისუფლებას შეეძლო, ყველას მობილიზება მოხდა. მოხდა ყველას მოსყიდვა. მიუხედავად ამისა, დღეს 5 საათის მდგომარეობით, 756 ათასი ხმა აიღო გაერთიანებულმა ოპოზიციამ.

“ჩვენ ორ შედეგს უკვე მივაღწიეთ – როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები, პირველი არის, რომ გაერთიანებული ოპოზიცია შედგა და ეს არის მძლავრი ძალა და მეორე, ამ არჩევნებით ე.წ. ხელისუფლებამ და ე.წ. ქურდულმა ოცნებამ დაკარგა ლეგიტიმაციის ბოლო ნიშანი. მნიშვნელობა არა აქვს, რა უსულო საგანს შეიტანენ ისინი პრეზიდენტის სასახლეში. ამ ხელისუფლების საქმე დამთავრებულია იმიტომ, რომ ამისთანა სირცხვილი, რაც შეეხება დემოკრატიულ არჩევნებს, საქართველოს ჯერ არ უნახავს,“ – განაცხადა ვაშაძემ.

Edison Research-მა 17:00 საათის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გრიგოლ ვაშაძეს 45% აქვს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს – 55%.

17:00 საათისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 663 000 ამომრჩეველი იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე.

სალომე ზურაბიშვილმა 914 000 ამომრჩევლის ხმა მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ – 749 000 ხმა. სხვაობა ორ საპრეზიდენტო კანდიდატის ამომრჩეველს შორის არის 165 000 ხმა.

Edison Research-ის კვლევაში ცდომილება არის პლუს-მინუს 3 პროცენტი.

banner
წინა სტატიაშიმინდა, გამოვხატო პატივისცემა თითოეული ჩვენი თანამოქალაქის მიმართ
შემდეგი სტატიამეც ვიგრძენი ის, რაც იგრძნო საზოგადოებამ