ამ დღეს სოხუმი დაეცა!

1993 წლის 27 სექტემბერი – საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა.

ამ დღეს სოხუმი დაეცა!

სოხუმის დაცემით ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის გადამწყვეტი ბრძოლა დასრულდა, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
გააფრთებული ბრძოლები 27 სექტემბრამდე გრძელდებოდა, თუმცა მასიურ შეტევას ქართულმა ნაწილებმა სუსტი შეიარაღებით ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა.
სოხუმის აღების შემდეგ ქალაქში შესულმა სეპარატისტთა მებრძოლებმა დარჩენილი მოსახლეობის არნახული ხოცვა–ჟლეტა მოაწყვეს.
აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია და ასევე ადგილობრივი მთავრობის წევრი რაულ ეშბა, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს.

27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, 29 სექტემბერს – ოჩამჩირე, ხოლო 30 სექტემბერს – გალი, რითაც აფხაზეთი სეპარატისტების ხელში გადავიდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა.

გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობების წარმომადგენელი აფხაზეთიდან დევნილი გახდა.
ზუსტად 29 წლის წინ, სოხუმი ქართველებისგან დაიცალა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმიდან გამოდევნილმა ქართველებმა დატოვეს ცეცხლში გახვეული მშობლიური ქალაქი, სადაც აფხაზები გამარჯვებას ზეიმობდნენ.

მას შემდეგ 27 სექტემბერი ენგურსაქეთა საქართველოში გლოვის, ხსოვნისა და იმედის დღეა, ენგურს იქით კი – ქართველებზე გამარჯვების დღე.

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აფხაზეთში ეთნიკური წმენდის ფაქტია აღიარებული. მრავალწლიანი მოლაპარაკებებისა და გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციების მიუხედავად, კონფლიქტი ისევ მოუგვარებელია.

ქალაქის აღების შემდეგ შემოსულმა სეპარატისტებმა ადგილობრივი მთავრობის წევრები: ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს, ჟურნალისტი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახურის უფროსი ალექსანდრე ბერულავა კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

„არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!“ – ასე უპასუხა ტყვედ ჩავარდნილმა გურამ გაბესკირიამ „ბოევიკების“ მოთხოვნას, – „დაიჩოქე, პატიება გვთხოვე და შეაგინე ქართველებს!“.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად პოლკოვნიკმა გურამ გაბესკირიამ უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე, რის შედეგადაც, ტყვედ ჩავარდნილი მთავრობის ყველა წევრი სეპარატისტებმა დახვრიტეს.

 

ჩვენ დავბრუნდებით!

banner
წინა სტატიაშიEU-ს ელჩი ეროვნულ ბანკში იმყოფებოდა – ჰერჩინსკი თურნავას მიერ მიღებული რეგულაციით დაინტერესდა
შემდეგი სტატიასოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა