ამ ბოდვის დაშვება ნიშნავს, რომ პატივს არ სცემ უკრაინის სახელმწიფოს, უკრაინის სპეცსამსახურებს და უკრაინულ მხარეს, რომელმაც საქართველოში მოწვევა გამოაგზავნა -ბეჟაშვილი სუს-ის მიერ გამოძიების დაწყებაზე

ამ ბოდვის დაშვება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ პატივს არ სცემ უკრაინის სახელმწიფოს, უკრაინის სპეცსამსახურებს და უკრაინულ მხარეს, რომელმაც საქართველოში მოწვევა გამოაგზავნა, – აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის ფაქტზე გამოძიების დაწყების კომენტირებისას გააკეთა.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ოფიციალური მოწვევა გააჩნია და უკრაინული მხარე მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ბეჟაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით არასერიოზულ რეაგირებას განაგრძობს.

„ჯერ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გამოვიდა და გაუგონარი ბრალდებები თქვა, რაც არასერიოზულად აღვიქვით. ამ არასერიოზულ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კიდევ უფრო არასერიოზული გადაწყვეტილება მოაყოლეს. სისხლის სამართლებრივი საქმის დაწყება სამართლებრივი თვალსაზრისითაც ბუნდოვანია და ბოდვაა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის ერთი ჯაშუშიც კი არ გამოუვლენია და მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დევნით და მათზე „ფეიკი“ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით არიან დაკავებული.

ამ სისხლის სამართლის საქმეების უკვე არც არავის სჯერა და არც არავის ეშინია. 2012 წლის შემდეგ ასეთი არა ერთი საქმე აღიძრა – გახსოვთ, “საბურავების საქმე“, 2016 წლისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდის გადატრიალებები და უამრავი სხვა ფალსიფიცირებული საქმე. მიზანი არის ის, რომ “ქართული ოცნების“ ამომრჩეველი კვლავ მოატყუონ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ, “ფეიკ“ მტრები შექმნან და შემდეგ ამ “ფეიკ“ მტრებთან ბრძოლა და გამარჯვება აზეიმონ, ეს არის მთელი ამბავი“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშევეჩვიეთ ხელისუფლებისგან, კვირა არ გადის, რომ ახალი შეთქმულება არ დაანონსდეს, ტრენინგი შეთქმულებად ეჩვენებათ, სემინარი – გადატრიალებად – ჩიხლაძე
შემდეგი სტატიაჩაძირული კრეისერის „მოსკვას“ ეკიპაჟი სევასტოპოლში გადაიყვანეს