ამ ავტორიტარიზმში, მედიაციის უშედეგოდ დასრულება რომ ოპოზიციას დავაბრალო, უნამუსობაა – მშვენიერაძე

ამ ავტორიტარიზმში, მედიაციის უშედეგოდ დასრულების გამო ოპოზიციას ბრალი დავდო, რბილად რომ ვთქვა, უნამუსობაა, – ამის შესახებ “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) ყოფილი თავმჯდომარე, იურისტი გიორგი მშვენიერაძე Facebook-ზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

მეგობრებო,

მედიაციის ჩაშლის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე რომ ანაწილებთ, თანაც თანაბრად, კითხვა მაქვს. მედიაცია თვითმიზანი იყო თუ საშუალება შედეგისთვის, კრიზისი რომ დასრულებულიყო და მშვიდად ცხოვრება გაგვეგრძელებინა?

და როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება ჩამპალ სასამართლო სისტემას რამე მცირედით თუ გააუმჯობესებს, ეს დათმობად უნდა მივიჩნიოთ და სამადლობელ საქმედ? ამით უნდა ვაჭრობდეს ხელისუფლება დღეს? ამას მედიაცია უნდა ჭირდებოდეს?

ან პოლიტპატიმრები რომ არ უნდა ყავდეს ხელისუფლებას, და მათით, როგორც მძევლებით, რომ არ უნდა ვაჭრობდეს, ეს საკამათო საკითხია? ეს მედიაციით უნდა თანხმდებოდეს?

ის, რომ სამართალდამცავი სისტემა პოლიტიკურ ოპონენტებზე “ნადირობისთვის” არ უნდა გამოიყენებოდეს, ამას კამათი ჭირდება? ამასაც მედიაციით უნდა ვათანხმებდეთ?

ის, რომ ძალიან ცუდად ჩატარებული არჩევნების შემდეგ, საზოგადოებაში დღითიდღე იზრდება უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი და მინიმუმ ამომრჩევლის ნახევრის მიერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ხელისუფლების ლეგიტიმურობა, ამას ვერ ამჩნევთ? მედიატორი გვჭირდება ამის დასანახად?

ოპოზიციაში შესაძლოა ბევრს არ ვეთანხმებოდე, ბევრთან პრეტენზიებიც მქონდეს წარსულსა თუ აწყმყოზე, მათი ბევრი გადაწყვეტილებაც არ მომწონდეს, მაგრამ დღეს, ამ ავტორიტარიზმში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია, სადაც კორუფცია ყვავის და სადაც ეკონომიკა ჩამოქცეულია, სადაც ადამიანები მზარდად კარგავენ მომავლის იმედს, ხსენებულ საკითხებზე მედიაციის უშედეგოდ დასრულების გამო ოპოზიციას ბრალი დავდო, რბილად რომ ვთქვა, უნამუსობაა, – წერს მშვენიერაძე.

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილი: დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად ჩვენ აშშ-ის აქტიური ჩარევა გვჭირდება დაუყოვნებლივ!
შემდეგი სტატიასამადაშვილი – ბორელმა ირაკლის თავზე ხელი ცოტა რბილად წამოარტყა