ალუდა ღუდუშაური: „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი ძლიერ და ეფექტურ სამსახურის შექმნას უზრუნველყოფს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა და ცვლილებების პროექტი, კოლეგებს, პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე გააცნო. მისი შეფასებით, ცვლილებებით ინსტიტუციონალურად ძლიერდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და ეს არის იმ პირობის შესრულება, რომელიც უწყების გაყოფის პროცესში დაიდო.

„ცალკე აღნიშვნის ღირსია, ის ფაქტი, რომ ცვლილებები პრაქტიკულად გავლილი და შეთანხმებულია ოპოზიციასთან. იურიდიული კომიტეტის ფარგლებში იყო შეხვედრა, რომელზეც ძალიან საქმიანად, აქტიური საკითხები იყო განხილული. და თქვენს წინაშე შეჯერებული და გადამუშავებული ვარიანტია წარდგენილი. რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებების არსს – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი, სპეციალური დაბრკოლების და ნებართვის გარეშე, შეძლებს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლას, იმისათვის, რომ დროულად და ეფექტურად შეძლოს მტკიცებულებების აკრეფა, აღება და შემდეგ უკვე საქმეზე დამაგრება. აღსანიშნავია, რომ სამსახური იმ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებსაც გამოიძიებს, რომლის ჩადენასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას დაადგენს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მისივე შეფასებით, საბოლო ჯამში, კანონპროექტი ძლიერ და ეფექტურ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნას უზრუნველყოფს. სხდომაზე ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს და კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება მიზანშეწონილად მიიჩნიეს. დეპუტატების დამოკიდებულება კენჭისყრის შედეგებზეც აისახა, რომლის მიხედვითაც ცვლილებებს 78 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და მხოლოდ ერთი იყო წინააღმდეგი.

banner
წინა სტატიაშიიმედია, უკრაინაში რუსეთის აგრესია და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი აღიქმება საფუძვლად, რომელზეც შეიძლება, პოლარიზაცია დაიძლიოს – ჰარცელი
შემდეგი სტატიაუკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის კიდევ ერთი რაკეტა ჩამოაგდეს