ალუდა ღუდუშაური ევროკავშირის დროშის ჩამოხსნაზე – ამის ჩამდენი პირები მტრობენ „ქართულ ოცნებას“

ვინც ამას აკეთებს, სურს, რომ ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებას” დაბრალდეს. ამის ჩამდენი პირები მტრობენ „ქართულ ოცნებას“. ვერც ერთი ასეთი სამარცხვინო საქციელი ჩირქს ვერ მოსცხებს ვერც ქართულ სახელმწიფოს, ვერც „ქართულ ოცნებას“ – ჩვენი დასავლური სწრაფვა არის შეუქცევადი, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ, „პრაიდის” მოწინააღმდეგეთა მხრიდან პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტს.

როგორც ის აღნიშნავს, ხელისუფლება გმობს აღნიშნულ ფაქტს და თუ გარკვეული დროს გასვლის შემდეგ ეს ქმედებები რეაგირების გარეშე დარჩება, „ქართული ოცნება” კრიტიკული იქნება.

„ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში ჩავწერეთ ის ურყევი ნება, რომელიც გამოხატა ქართველმა ხალხმა, ეს არის ევროკავშირი და ნატო. ამიტომ ისრების გადატანის მცდელობა „ქართული ოცნებისკენ“ უსუსური მცდელობაა. ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მიუღებელია ასეთი სამარცხვინო საქციელი და ცალკეული შემთხვევები ნამდვილად ატარებს ძალადობრივ ხასიათს. სახელმწიფოს როლი და რეაგირება გამოიხატება იმაში, რამდენად ადეკვატურია ამაზე სახელმწიფოს რეაგირება. შინაგან საქმეთა სამინისტროს და ქართველ პოლიციელებს მადლობა, რადგან ვხედავდით, როგორ ეფარებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ჟურნალისტებს და იცავდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები ვგმობთ აღნიშნულს და მიგვაჩნია, რომ ეს არის უაღრესად სამარცხვინო საქციელი. ამავდროულად ამაზე უნდა მოხდეს კანონის შესაბამისად დროული და ადეკვატური რეაგირება. თუ გავა დრო და ეს ფაქტები რეაგირების მიღმა დარჩება, ვიქნებით კრიტიკულები და მოვითხოვთ რეაგირებას. უაღრესად სამარცხვინო საქციელია, როდესაც ათი ადამიანი თავს ესხმის ჟურნალისტს და ოპერატორს. ეს არაა ვაჟკაცობის გამოვლინება, ესაა უღირსი, მდაბიო საქციელი“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 887, იმერეთში – 130, ქვემო ქართლში – 84
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ჩვენი მთავრობისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია