“ალფა-ბანკის” წერილებზე რა ვთქვა? გაბრაზება კი არა, დაცინვაც არ გამომდის ამ ცილისწამებაზე”

ვიცე–პრემიერი კახა კალაძე “ალფა ბანკთან”დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს.

მისი თქმით, აღნიშნული ბრალდებები “ნაციონალური მოძრაობის” წინასარჩევნო მარათონის დასაწყისია და კიდევ ბევრ “კომპრომატებს” შეთხზავენ”.

“ვიცით ყველამ, რომ ეს მათი წინასარჩევნო მარათონის დასაწყისია და კიდევ ბევრ “კომპრომატებს” შეთხზავენ. მე მწამს, რომ ვინც კი დღეს პოლიტიკურ სპექტრში ჯანსაღად აზროვნებს, ყველა მაქსიმალურად ეცდება იზრუნოს ოპონირების დონის და ხარისხის აწევაზე, და ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაზე საქართველოში. კონკრეტულად ალფა-ბანკის წერილებზე კი რა ვთქვა? გაბრაზება კი არ დაცინვაც არ გამომდის ამ ცილისწამებაზე. ვერაფრით დავეხმარები ენმ-ს (არ ავყვები ამ ბინძურ თამაშში”,–წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

ვიცე–პრემიერის თქმით, ის პოლიტიკაში მოსვლისთანავე მოუწოდებდა ყველას პოლიტიკური ურთიერთობები ახალ საფეხურზე აეყვანათ.

“ცივილურ საფეხურზე – მორალი ყოფილიყო ჩვენი ხალხთან ურთიერთობის, ერთმანეთთან ოპონირების და თუნდაც კონფრონტაციის მთავარი განმსაზღვრელი. მე ჩემი წინა კარიერა რა ღირებულებებითაც გავიარე, იგივე ღირებულებებით დავიწყე ეს კარიერაც და ვერანაირი ამორალური, ლოგიკის და ღირსების, ხშირ შემთხვევაში გონიერების ზღვარს მიღმა მდგარი საქციელი, უფრო სწორად -უსაქციელობები, ჩემში განწყობის ცვლილებას ვერ გამოიწვევს. ჩვენდა სამწუხაროდ, ქვეყნის სამწუხაროდ “ნაციონალური მოძრაობა” როგორი ამორალურიც იყო ხელისუფლებაში ყოფნისას, იგივე ამორალურია ოპოზიციის სახითაც, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს მათი “პოლიტიკური ბრძოლის” მეთოდები, არ იშლიან თავის სტილს და ოპონირების ერთადერთ საშუალებად იყენებენ ცილისწამებას, სიცრუეს და მოსახლეობის დაზაფვრას დეზინფორმაციით. ეს არის პარტია, რომელსაც არც არასდროს ჰქონია არსენალში პოლიტიკური მუშაობის, ბრძოლის სხვა მეთოდი, ეს არის პარტია რომელიც ქვების და ტალახის სროლით მოვიდა ხელისუფლებაში და თავის “მეორედ მოსვლა” იგივე მეთოდებით სურს. სხვა რეალობაა ძვირფასებო: ხელისუფლება სხვაა, ხოლო ამომრჩეველი კი, ბევრად გამოცდილია – მას ყველაფერი ახსოვს! ამიტომაც დაგტოვათ სამუდამოდ წარსულში და გაქციათ ზურგი”,–აცხადებს კალაძე.

შეგახსენებთ, დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა წარმოადგინეს დოკუმენტები, რომლებიც, მათი თქმით, ადასტურებს, რომ კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებისთვის “ალფა-ბანკში” გაიხსნა ანგარიშები, სადაც “კალა კაპიტალ ლიმიტედისგან” გადაირიცხა თანხები. ირმა ნადირაშვილის თქმით, დოკუმენტს ხელს აწერს ბანკის მთავარი ფინანსური ოფიცერი მარია შევჩენკო.

banner
წინა სტატიაშითბილისში კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის რეგიონული ფორუმი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს