ალოგიკური და ანტისახელმწიფოებრივია, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის საწინააღმდეგო გეგმას ამზადებს – მაჭარაშვილი

შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან ჩართული და დავიწყებთ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, – აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.

მაჭარაშვილის თქმით, თითოეულ საკითხზე უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და პროცესს პარლამენტის თავმჯდომარემ გაუწიოს კოორდინაცია.

„ჩვენ მიერ დადებული გეგმის აღსრულება დავიწყეთ. უკვე ჩანიშნულია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით. თითოეულ საკითხზე უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და ჯამში პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გაუწიოს კოორდინაცია. გარდა ამისა, ექსკლუზიურად პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს აღებული ნომერ პირველი საკითხი ამ 12-პუნქტიანი გეგმიდან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის დეპოლარიზაციის საკითხი. უკვე ვხვდებით პოლიტიკურ პარტიებს თუ არასამთავრობო სექტორს. ამ თვეში უკვე თითოეულ საკითხთან დაკავშირებით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან ჩართული და დავიწყებთ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის თქმით, ალოგიკური და ანტისახელმწიფოებრივია, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის საწინააღმდეგო გეგმას ამზადებს.

„სამწუხაროდ, ახალი არ არის საზოგადოებისთვის, რომ რადიკალურ ოპოზიციას ახასიათებს ისეთი ნაბიჯები, რომელიც არის დაკავშირებული სწორედ რომ ანტისახელმწიფოებრივ მიდგომებთან, ანუ ევროკავშირის მიერ 12-პუნქტიანი გეგმის წარმოდგენის ნაცვლად, რადიკალური ოპოზიცია აპირებს, რომ თავისი გეგმები წარადგინოს. ანუ ევროკავშირსაც აღარ ენდობა, უკვე იმდენად უნდა, რომ არაკანონიერი გზებით მოიპოვოს ხელისუფლება. ამას საზოგადოება კარგად ხედავს, რას ნიშნავს მათი მხრიდან არაკანონიერი გზებით მცდელობა, რომ როგორმე ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს არა მხოლოდ ალოგიკური, არამედ ანტისახელმწიფოებრივია, როდესაც 12-პუნქტიანი გეგმა რაც დადო ევროკავშირმა, ამის საწინააღმდეგო გეგმას დებს რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არ ეთანხმება არც ევროკავშირი, არც საზოგადოება და შესაბამისად, ამას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. გეგეშიძის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება
შემდეგი სტატიაოპოზიციისა და არასამთავრობოების ნაწილი გვთავაზობს არა შეთანხმებას, არამედ დათანხმებას, რაც არის ულტიმატუმებით საუბარი – პაპუაშვილი