ალო… ,,Coca-Cola,,! “თავის მოჭრას” თავსახურის გამოცვლა ჯობია!

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსოფლიოში ცნობილი ბრენდი ,,Coca-Cola,, თავისი მოგების დიდ ნაწილს რეკლამაში ხარჯავს და ეს რეკლამა ყოველთვის ამართლებს, რადგან გამაგრილებელი სასმელები, რომელსაც ეს ბრენდი უშვებს, ჩვენთანაც და დანარჩენ მსოფლიოშიც პოპულარულია და ძალიან ბევრ ადამიანს მოსწონს. მიუხედავად ამისა, ბოლო დროს საქართველოში გამოშვებულ პროდუქციას, ერთი უცნაურობა შეეტყო. ბევრმა თქვენგანმა ალბათ უკვე შეამჩნია, რომ ,,კოკა-კოლას,, ,,ფანტას,, და ,,ფანტა ტროპიკის,, პოლიეთილენის ბოთლების ხელით გახსნა ჩვეულებრივი ძალის მქონე ადამიანისათვის თითქმის შეუძლებელია და ამის მიზეზი – თავსახურის დეფექტია. თუ რამ გამოიწვია ეს დეფექტი, ამაზე პასუხს ალბათ თავად კომპანია ,,კოკა-კოლა,, გასცემს, მანამდე კი ერთი შემთხვევის შესახებ მოგიყვებით, რომლის ანალოგიურიც, ტურისტული სეზონის მანძილზე ბევრი შიძლება განმეორდეს და რომელიც ქვეყნის იმიჯზე დადებითად არ იმოქმედებს.

10 აგვისტოს, კოპიტნარის აეროპორტში მიმავალი პოლონელი ტურისტი გუსტავ ჟაცევიჩი (Gustav Jacewiz) სამარშუტო ავტობუსთან მივიდა, ადგილი დაჯავშნა და იქვე ახლოს მდებარე სასურსათო მაღაზიას მიაშურა. ცოტა ხანში უკან მობრუნებულმა სპორტული აღნაგობის უცხოელმა ტურისტმა – რომელსაც ხელში 2 ნახევარლიტრიანი ბოთლი ,,ფანტა ტროპიკი,, ეჭირა, მიკროავტობუსთან მდგარ 5 მამაკაცს რუსულ ენაზე მოგვმართა, რომ ბოთლის გახსნაში დავხმარებოით, რამაც ცოტა არ იყოს გაგვაკვირვა… თუმცა, უფრო გასაკვირი ის იყო, რომ ხუთივე მამაკაცმა (მათ შორის ერთი შეიარაღებული ძალების ახალგაზრდა ოფიცერი იყო) ქაღალდის ხელსახოცების დახმარებითაც კი, ბოთლის თავსახურის დატრიალება და გახსნა ვერ შევძელით… ბოლოს ისღა მოვახერხეთ, რომ ნახევარლიტრიანი პოლიეთილენის ბოთლისთვის დანით წაგვეჭრა თავსახური, რათა 40 გრადუსიან სიცხეში მდგარი უცხოელი სტუმრისთვის წყურვილის მოკვლის საშუალება მიგვეცა. გაკვირვებულმა უცხოელმა გვკითხა, თუ რატომ არ ეხსნებოდა სასმელს თავსახური – რაზეც ხუმრობით ვუპასუხე, რომ ეს დასალევად გამოშვებული ბოთლი კი არა – არამედ სუვენირი იყო. ,,კარგით, მაშინ მეორე ბოთლს პოლონეთში სუვენირად წავიღებო,, ასევე ხუმრობით გვიპასუხა პოლონელმა ტურისტმა და ისევ შებრუნდა მაღაზიაში, ამჯერად ცივი წყლის საყიდლად.
ეტყობა, რომ ,,კოკა-კოლას,, ხელმძღვანელობა საკუთარი პროდუქციის მხოლოდ ელიტურ ნაწარმს მიირთმევს… წინააღმდეგ შემთხვევაში ზემოთ აღწერილი პრობლემის შესახებ დიდი ხნით ადრე უნდა სცოდნოდათ და რეაგირებაც გაეკეთებინათ.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაშიმარიამ დალაქიშვილმა და ზოზია ქარდავამ ტურნირის Copernicus Bowl პირველი და მეორე წრე წარმატებით გაიარეს
შემდეგი სტატიატრამპმა პუტინს დიპლომატების გაძევების გამო მადლობა გადაუხადა