ალილოს მსვლელობა – თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

ვარდების მოედნიდან საშობაო ალილო დაიწყო

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართება.

მსვლელობა 14:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება.

ალილოს მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს. საბოლოდ კი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება. გარდა ამისა მსვლელობას გამოეყოფა ერთი ჯგუფი, რომელიც ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივა, სადაც მათ საჩუქრებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადასცემს.

ალილოს მონაწილეებს გზადაგზა ტკბილეულსა და საჩუქრებს მოსახლეობაც გადასცემს. შეგროვილი შემოწირულობები ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებს და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.

“ალილოს“ ორგანიზებისთვის მერიამ საპატრიარქოს უფასო ავტობუსებიც გამოუყო. მსვლელობასთან დაკავშირებით დღეს თბილისში ქუჩები გადაიკეტება.

შსს-ს ინფორმაციით, 11:00 საათიდან ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

14:00 საათიდან ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩებზე.

მოძრაობა საშობაო ალილოს დასრულებისთანავე აღდგება.

banner
წინა სტატიაშიგაზის ნამწვით რუსთავში სამი ადამიანი მოიწამლა – მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვია
შემდეგი სტატიასიყვარული და მიტევება – ისევე როგორც ამ ეპისტოლეში, ყველა წინა ეპისტოლეშიც იყო უწმინდესის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საზოგადოების მიმართ – დავით ბაქრაძე