ალერგია არის საყურადღებო მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად უნდა შეფასდეს, ვიდრე ვაქცინა გაკეთდება

ალერგია არის საყურადღებო მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად უნდა შეფასდეს, ვიდრე ვაქცინა გაკეთდება. ჯანდაცვის სამინისტრო ამ კვირაში დაამტკიცებს ალერგიული მდგომარეობების შეფასების და პრევენციის პროტოკოლს, რომელიც მომზადდა ექსპერტთა ჯგუფის მიერ, სადაც დეტალურად არის განსაზღვრული ის შეკითხვები, რაც უნდა დაისვას მდგომარეობის შეფასებისთვის და შემდეგ, როგორ უნდა მოხდეს შესაძლო ალერგიული რეაქციის მართვა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დეტალებზე ტრენინგი უკვე დაწყებულია და ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ჩაერთვება ვაქცინაციის პროგრამაში, გაივლის ტრენინგს.

„დეტალური საინფორმაციო პაკეტი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ მწარმოებლებისგან და მათ აქვთ განსხვავებული საინფორმაციო პაკეტები, ესეც დაავადებათა კონტროლის ცენტრის საშუალებით გახდება ცნობილი მოსახლეობისთვის. უმრავლეს შემთხვევაში, მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის, მილიონში ერთეული შემთხვევა შეიძლება დაფიქსირდეს, ისიც ამ ბოლო პერიოდში არ დაფიქსირებულა“,- აღნიშნა გაბუნიამ.

ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, ვაქცინის გაყიდვები გლობალურ ბაზარზე ძალიან მკაცრად არის რეგულირებული და ამ ეტაპზე, კერძო სექტორის როლი გამოკვეთილი არ არის.

„ერთი მექანიზმი არის „კოვაქსი“, რომელიც სახელმწიფო დონეზე რეგულირდება, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ზოგადად. ასევე არის ისევ სახელმწიფო დონეზე ბილატერალური ხელშეკრულებები ქვეყნებს და მწარმოებლებს შორის. ჩვენთვის კიდევ ვაქცინის მიღების მექანიზმი არის სამმხრივი მოლაპარაკება მწარმოებელს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და საქართველოს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ მათ თავიანთი ვაქცინის ნაწილი გაუზიარონ სახელმწიფოს. ამ მექანიზმებში კომერციული სექტორის ანუ, კერძო სექტორის წვლილი პრაქტიკულად, არ იკვეთება და აქამდე რაც მოხდა, ეს ყველაფერი არის სახელმწიფოთაშორისო მოლაპარაკების დონეზე. სამომავლოდ, როდესაც მიწოდება მეტი იქნება და წარმოება გაიზრდება, რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ კერძო სექტორსაც გარკვეული როლი ჰქონდეს და ვისაუბროთ მეტად კომერციულ სეგმენტზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიმე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება
შემდეგი სტატიაპირბადის ტარების მაჩვენებელს 95 პროცენტამდე თუ გავზრდით, მაისისთვის ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი შემცირდება