ალექსი პეტრიაშვილი, მასზე განხორციელებულ თავდასხმას, პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს

“თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი მასზე თავდასხმას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ასე ფიქრის მიზეზს, მის გუნდზე განხორციელებული შეტევები აძლევს.

ალექსი პეტრიაშვილმა გადაცემა “პოლიტიკის” ეთერში განაცხადა, რომ რამოდენიმე დღის მიყოლებით ხდება ფიზიკური თავდასხმა მასზე, შემდეგ მორალური შეტევა და ტერორი მის თანაგუნდელზე და ხდება დაანონსება, რომ ისევ მისი თანაგუნდელის მიმართ განხორციელდება ასევე მორალური თავდასხმა.

“უნდა ვივარაუდო, რომ ეს ყველაფერი დამთხვევაა?”, – აღნიშნა პეტრიაშვილმა.

მან პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობაზეც ისაუბრა და სარეკორდო მაჩვენებელი უწოდა ფაქტს, რომ თავდასხმიდან 20 დღის თავზე, პროკურატურამ დაზარალებულად სცნო.

“მინდა ერთმნიშვნელოვნად გავმიჯნო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც მართლა დღე და ღამე მუშაობს იმისათვის, რომ ყველანაირი ვერსია შეისწავლოს, მტკიცებულება მოიპოვოს და ირაკლი შოთაძის პროკურატურა, რომელსაც არავითარი რეაგირება არ ჰქონდა მანამ, სანამ ჩემმა ადვოკატმა არ გააკეთა განცხადება, რომ ეს გაჭიანურება ყოველგვარ საზღვრებს სცდებოდა. სწორედ ამ განცხადების შემდეგ მცნო პროკურატურამ დაზარალებულად”,- განაცხადა პეტრიაშვილმა.

“თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ბოლომდე ექნება პრინციპული პოზიცია, საქმის კვალიფიკაციის შეცვლაზე.

banner
წინა სტატიაშიბათუმში აფეთქების შედეგად ბარაკის ტიპის საცხოვრებელი დაინგრა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი დონის როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს