ალექსი დანილოვი აცხადებს, რომ განცხადებები, რომლებსაც მიხაილ პოდოლიაკი და დავით არახამია აკეთებენ, გენშტაბისა და თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალური შტაბის უფროსს ან თავდაცვის სამინიტროს შეუძლიათ, ოფიციალურად განაცხადონ რუსეთის ფედერაციასთან ომში უკრაინის არმიის საჭიროებების თაობაზე, ამიტომ ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებები ამ კუთხით შეუსაბამოა, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა უკრაინულ გამოცემა „ლიგასთან“ საუბარში აღნიშნა და ამ ფორმით კომენტარი გააკეთა განცხადებაზე, რომელიც მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა გააკეთა.

პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მხოლოდ პარიტეტისთვის, უკრაინის თავდაცვის ძალებს სჭირდებათ 1 000 ერთეული 155 მმ-იანი ჰაუბიცა, 300 ერთეული რეაქტიული სარაკეტო სისტემა და 500 ერთეული ტანკი.

დანილოვის თქმით, იგი არ ეთანხმება ასეთ გამოთვლებს და მას არ ესმის, რატომ აკეთებს პოდოლიაკი ასეთ განცხადებებს.

„ის გენერალური შტაბის წარმომადგენელია? მე ის იანუკოვიჩთან მხოლოდ ​კუნძებზე ვნახე? არ მესმის, რატომ არის ის ახლა ჯარის ხმა“, – დაამატა დანილოვმა.

ამასთან, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა კომენტარი გააკეთა ზოგიერთი ადგილობრივი სახელმწიფო წარმომადგენლის განცხადებაზე უკრაინის ცოცხალი ძალების დანაკარგებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ თემით „ჟონგლიორობა“ არ შეიძლება.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო იმ ფიგურებს, რომლებიც ამბობენ, რომ ფრონტზე ყოველდღიურად 200, 300 ან მეტი ადამიანი იღუპება. ზოგმა 1 000-ზე მეტიც კი თქვა. ამით ჟონგლიორობა არ შეიძლება. ეს ბოულინგი და ცირკი არ არის. ეს ხალხის ცხოვრებაა“, – განაცხადა დანილოვმა.

ამ განცხადებით იგი უკრაინის რადაში მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერს, დავით არახამიას გამოეხმაურა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, უკრაინის ყოველდღიური დანაკარგები დონბასში მნიშვნელოვნად გაიზარდა – დაიღუპა ან დაშავდა 1 000-მდე ჯარისკაცი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ერევანში გაემგზავრა
შემდეგი სტატიაპენტაგონი აქვეყნებს უკრაინის სამხედრო დახმარების სრულ სიას