სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა

ნავალნი 47 წლის იყო.

“16 თებერვალს N3 გამოსასწორებელ კოლონიაში მსჯავრდადებულმა ნავალნიმ სეირნობის შემდეგ თავი შეუძლოთ იგრძნო, ფაქტობრივად, მაშინვე დაკარგა გონება. დაუყოვნებლივ მივიდნენ დაწესებულების მედიკოსები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იქნა გამოძახებული”, – აღნიშნულია რელიზში.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: “გარდაცვალების მიზეზი დგინდება”.

14 თებერვალს პოლიტიკოსის პრესმდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა, რომ ნავალნი ოცდამეშვიდედ ე.წ. საჯარიმო იზოლატორში, ანუ სამარტოო საკანში გადაიყვანეს.

ალექსეი ნავალნის ადვოკატი ლეონიდ სოლოვიოვი Novaya Gazeta-სთან ამბობს, რომ ოჯახის გადაწყვეტილებით კომენტარს არ აკეთებს.

“ახლა ვერკვევით. ალექსეისთან ადვოკატი ოთხშაბათს [ორი დღის წინ] იყო. მაშინ ყველაფერი ნორმალურად იყო”, – თქვა ადვოკატმა.

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინს ნავალნის შესახებ უკვე შეატყობინეს. მისი თქმით, გარდაცვალების მიზეზი ექიმებმა უნდა დაადგინონ.

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომ პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

№3 კოლონიაში, რომელსაც “პოლარულ მგელსაც” უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ამერიქან მონოლითი“ ტერმინალს აფართოებს
შემდეგი სტატიაედგარ რინკევიჩი – ის კრემლმა სასტიკად მოკლა