“ტერორისტი არ არის ალექსანდრე და არც ტერორისტული აქტი ჰქონდა ჩაფიქრებული”, – ამის შესახებ დაკავებული პოლიტიკოსის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცოლმა, ირინა კილოსანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ელისაშვილი ყველაფერს განიცდიდა და მათ შორის“ ოცნების“ უკანონო ქმედებებს, რომელსაც სასამართლოს დახმარებით “უსვამდნენ ბეჭედს“.
“განიცდიდა ყველაფერს. ეს უკანონო ქმედებები, პატიმრობა, რასაც “ქართული ოცნება“ ჩადის და ამ სასამართლოს მეშვეობით ასვამს ბეჭედს ყველაფერს, ეს მისთვის, ვიცი, რომ ძალიან მძიმე იყო. უგროვდებოდა ამდენი უკანონობა, დანაშაული და ამოხეთქა. მისი ადრესატი იყო “ქართული ოცნება“, მისი ადრესატი იყო სასამართლო, თითოეული მოსამართლე, რომელიც იღებს დავალებას “ოცნებისგან“ ამ დავალებით მოქმედებს და არა კანონებით და არა მტკიცებულებებით. ბრალდება ტერორიზმის ეს არის , რა თქმა უნდა, აბსურდული. ტერორისტი არ არის ალექსანდრე და არც ტერორისტული აქტი ჰქონდა ჩაფიქრებული. ძალიან რთულია ახლა ასე, თუ ქმარი არ არის, მამა არ არის, გიყვარდეს პოლიტიკოსი და არც უნდა გიყვარდეს, არც მე მიყვარს არცერთ პოლიტიკოსი და ყოველთვის კრიტიკული ვარ ყველას მიმართ. ბევრი გაუგებს, ბევრი მხარს დაუჭერს, სოლიდარობას გამოუცხადებს, მაგრამ კრიტიკაც იქნება”, – განაცხადა ირინა კილოსანიძემ.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ელისაშვილი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 იანვარს 14:00 საათზე ჩაინიშნა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


















