ალექსანდრე ქანთარია – გამოდი ბატონო პრეზიდენტო, დაგინახეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია ინტერესდება თუ რატომ დუმს შეწყალების კომისიის საქმეზე საქართველოს პრეზიდენტი. მისი თქმით, სწორედ პრეზიდენტის დაქვემდებარებაშია შეწყალების კომისია და ასევე მისი დანიშნული კადრები არიან ყოფილი და ახლანდელი თავმჯდომარეები. “შესაძლოა, ბატონი პრეზიდენტის საპრეზიდენტო სიმაღლიდან “ქართული ოცნების” წევრები აღარ ვჩანვართ ისეთები, როგორც საპრეზიდენტო კამპანიის დროს ვიყავით, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კითხვები არ ჩნდება. მე მიჩნდება კითხვა, თუ რატომ დუმს ბატონი პრეზიდენტი ასეთ შემთხვევაში, როდესაც შეწყალების კომისია მის დაქვემდებარებაშია და კომისიის ყოფილი და ახლანდელი ხელმძღვანელებიც მისი კადრები არიან. რა დუმილია ეს? ხომ არ არის თანხმობის ნიშანი? თუ მან არ გააკეთა განცხადება და დაგველაპარაკება მხოლოდ მრჩეველის პირით, მე ერთი ბავშვური თამაშის ფრაზა შემიძლია გავიხსენო – გამოდი ბატონო პრეზიდენტო, დაგინახეთ და “ნიჩურიტი” ამ შემთხვევაში საქმეს არ უშველის. თუმცა, მე მინდა რომ ამაში ვცდებოდე”, – განაცხადა ქანთარიამ. მისივე თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით მანანა კობახიძისა და ეკა ბესელიას მიმართ აღვირახსნილი ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს. “ჩვენი მოწინააღმდეეგები ყოველნაირად ცდილობდნენ ინსტიტუტების დისკრედიტაციას და ეს ვერ მოახერხეს. ახლა გადავიდნენ პერსონალურ შეტევაზე და უკვე “ქართული ოცნების” ორი წევრი გახდა სამიზნე ცილისწამების. ეს არის ერთგვარი სნაიპერული ცილისწამება. ეს შეტევა მიდის ისეთ ინსტიტუტზეც როგორიც არის შეწყალების კომისია”, – აღნიშნა ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაში„მატყუარა ელისაშვილის ფსიქიური მდგომარეობა უნდა შემოწმდეს“
შემდეგი სტატია“მე წყალქვეშა სამხედრო ხომალდის მთავარსარდლად მნიშნავენ,”- ზურაბ აბაშიძე