ალექსანდრე მოწერელია: ვმუშაობთ კურორტ “სქურის” საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხებზე

სახელმწიფო რწმუნებული წალენჯიხაში ადგილობრივებს შეხვდა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საჩინო-ჩქვალერის და ობუჯი-ჯიხაშკარის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

საჩინოში ამჟამად გზის დაგების პროცესი მიმდინარეობს, ახალი გზა 10 კილომეტრამდე მონაკვეთზე შენდება, ობუჯი-ჯიხაშკარის დამაკავშირებელი შიდასახელმწიფოებრივი გზა კი 7 კილომეტრიანია. ორივე პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ, სახელმწიფო რწმუნებული საჩინოს და მედანის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათგან არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო. მედანში მთავარ პრობლემას ავარიული გზა და წყალმომარაგება წარმოადგენს. სოფელში გზის მშენებლობა უახლოეს დღეებში იწყება, ტენდერი უკვე დასრულებულია და შემსრულებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია.

ალექსანდრე მოწერელია, სოფელ სქურშიც იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა:

,,სქურს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, ამ ხეობას ინფრასტრუქტურული განვითარება სჭირდება და ამის შემდეგ ტურიზმი თვითონ განავითარებს აქაურობას. ამიტომაც ჩვენ ვმუშაობთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით. წალენჯიხის მუნიციპალიტეტს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი და ამ პოტენციალის გამოყენება უნდა მოხდეს, ამისთვის ჩვენ მოვახდენთ საკითხის ძირეულ შესწავლას და შემდეგ მის განხორციელებას“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ალექსანდრე მოწერელიამ წალენჯიხაში არსებული სხვადასხვა პრობლემური ადგილები მოადგილე მალხაზ თორიასთან ერთად პირადად შეისწავლა, ის საჩინოს, მედანის, სქურის, ჩქვალერის და ჯვარის მოსახლეობას შეხვდა.

სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მსგავს შეხვედრებს გამართავს და არსებულ პრობლემებს პირადად გაეცნობა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი მნიშვნელოვანია ორი სახელმწიფოს ურთიერთობაში და ბუნებრივია, რომ ეს საკითხი ისმება პრეზიდენტის მიერ
შემდეგი სტატიაგაერომ მიიღო საქართველოსა და 45 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“