ალექსანდრე მოწერელია ფოთის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია ფოთის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო.მხარის პირველი პირი მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდა და მათთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე მოწერელია 30 ნოემბრის სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და ქალაქის ოთხი სხვადასხვა ქუჩის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მცხოვრებლებს,სახურავების მიმდინარე აღდგენით სამუშაოებზე გაესაუბრა.

ფოთში მხარის პირველმა პირმა, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის წარმომადგენლებთანაც გამართა შეხვედრა. სახელმწიფო რწმუნებულმა მათგან კონკრეტული მიმართულებით ქალაქში არსებული პრობლემების შესახებ მიიღო ინფორმაცია. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა,სოციალური მიმართულებით, მუნიციპალური დახმარების პროგრამა განიხილეს. გუბერნატორმა, ხაზი გაუსვა 200-ზე მეტი უსახლკარო ოჯახის მდგომარეობას, რომელიც სახელმწიფო ბალანსზე არსებულ ნაგებობებს აფარებეს თავს.

საუბარი შეეხო ასევე, წყლის დაქსელვისა და საკანალიზაციო სამუშაოების პარალელურად, მომავალი წლიდან საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხს. მოსახლეობის გადაადგილებისათვის შემაფერხებელ ფაქტორად სატვირთო ავტომობილების უწესრიგო პარკირება დასახელდა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის მერია კონკრეტულ ტერიტორიებს გამოყოფს. აგრეთვე აღინიშნა სამედიცინო პუნქტების არასაკმარისი რაოდენობა, სადაც, ძირითადად, კერძო კლინიკები დომინირებენ.

შეხვედრის ფარგლებში, ყველაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებად , დასაქმების პრობლემა დასახელდა, რაც გუბერნატორის შეფასებით, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით დაიძლევა. აქვე აღინიშნა, რომ გასულ წელს მუნიციპალიტეტს 40 ათასამდე ტურისტი სტუმრობდა. გუბერნატორმა განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებების განხილვისას პედაგოგებთან, კულტურის მუშაკებთან, ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელმძღვანელებსა და სპორტსმენებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. შეხვედრის შემდეგ, ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერთან – კონსტანტინე თოფურიასთან ერთად, კოლიმბარის კუნძულს ესტუმრა, სანაპირო ზოლში მიმდინარე სამუშაოები და მდ. კაპარჭის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ კიდევ დაუსრულებელი სასტუმრო დაათვალიერა. გუბერნატორი შინმოუსვლელთა მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოებითაც დაინტერესდა.

banner
წინა სტატიაშიკირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ფარცხალაძე თავისუფალი? – ოპოზიცია კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას აგრძელებს
შემდეგი სტატია,,საპატრიარქოს ტერიტორია არის სულიერი სიმშვიდის, რომ შედიხარ სულ სხვა ძალით გამოდიხარ, დამშვიდებელი”