“ჩემი, როგორც პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილების ფარგლებში, საარჩევნო ოლქისა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიერ დასმული საკითხების გადაწყვეტა უპირველეს ამოცანად მიმაჩნია.
მუნიციპალიტეტის ზედა ზონის სოფლების (თამაკონი, გურძემი, კიწია, დიდიჭყონი, კურზუ) მოსახლეობის მარტვილის ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის აუცილებელია თამაკონისა და ნახუნაოს მიმდებარე ტერიტორიაზე – „შქანთის“ მთაზე გაიჭრას საავტომობილო გზა, ამით ზემოთ ჩამოთვლილი სოფლები მარტვილის ცენტრს დაუკავშირდებიან გზით, სადაც მანძილი ცენტრამდე 6-7 კილომეტრი იქნება.
ეს იდეა არახალია და მრავალი წლის წინ წარმოიშვა, თუმცა რეალიზებული არ ყოფილა. ამისთვის საჭირო გახდება 5-6 კმ გზაზე შავი საფარის დაგება, შედეგად ძალიან კარგი საქმე გაკეთდება.
მარტვილის ცენტრში, მდინარე ინჩხიას ხიდიდან საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიამდე (მშვიდობის ქუჩა) შემოვლითი გზის პროექტი უკვე გამზადებულია. ამით მარტვილში ყველა მიმართულებით გამვლელ სატვირთო ავტომობილებს გავარიდებთ ცენტრს. თუ ზემოთ აღნიშნულს მივუერთებთ ამ გზას მივიღებთ მეტად დიდი მნიშვნელობის ტრასას, რითაც ზემო ზონის სოფლები მარტვილის ცენტრის გვერდის ავლით დაუკავშირდებიან ხონს, ქუთაისს, ქვეყნის დედაქალაქს. (პროექტი ჩემი ინიციატივით სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულად მუშაობის დროს გაკეთდა).
აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ლემიქავეს უბანში გზა ხრეშოვანია, თანაც ძალიან დაზიანებული, ასევე არ არის საბავშვო ბაგა-ბაღი. სამწუხაროდ განათლების სისტემის ოპტიმიზაციის პოლიტიკას, ზოგადსაგანმანათლებლო არასრული საჯარო სკოლაც შეეწირა. ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო ლემიქავეს უბნის მოსახლეობას მოზარდების წაყვანა სკოლასა და ბაგა-ბაღში რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ აბედათის უბანში უხდებათ, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის მშობლებს. ამიტომ ლემიქავეს უბნის მოსახლეობისთვის აუცილებელი პირობების შექმნისთვის, საჭიროდ მიმაჩნია უბნის ტერიტორიაზე მოეწყოს ასფალტირებული გზა, ასევე უნდა აშენდეს ბაგა-ბაღი და შესაძლებლობის ფარგლებში სასურველია აღდგეს სკოლა.
თარგამეული მარტვილის რაიონის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია, რომელიც კოლხური ენდემური ვაზის ჯიშების აღდგენის, პოპულარიზაციისა და გავრცელების უმნიშვნელოვანესი კერაა, სადაც ამჟამად ფუნქციონირებს რამდენიმე სანერგე მეურნეობა და მარანი. სოფელი ამ კუთხით დღითიდღე ვითარდება და ტურისტულად უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება. სამწუხაროდ დღემდე მოუგვარებელია საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც სასურველია დროულად მოგვარდეს .
აუცილებელია ახლად არჩეულმა საკრებულომ მერთან ერთად პრიორიტეტულ მიმართულებებში გაითვალისწინოს აღნიშნული საკითხები და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, ერთობლივად გადავჭრათ ეს პრობლემები”,-წერს სოციალურ ქსელში აბაშის, მარტვილის , წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი ალექსანდრე მოწერელია.