ალექსანდრე მოწერელია- ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონების თანაბარი და სწრაფი განვითარება

,,პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ყველა წევრს უდიდესი ნდობისთვის. ეს ჩემთვის უდიდესი პატივია და ამავე დროს, ვალდებულებაა კიდევ უფრო მეტად ვემსახურო ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საყვარელ რეგიონს, სამეგრელოს“ ¬ ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.

,,ეს ორი წელი ურთულესი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარისთვის. ჯერ ფაროსანა, ახლა კორონავირუსი, თუმცა სახელმწიფო, მოსახლეობასთან ერთად ვახერხებთ და კარგად ვუმკლავდებით ამ პრობლემებს. წელს თხილის საკმაოდ კარგ და დიდ მოსავალს ველით, ასევე წარმატებას ვაღწევთ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, რამაც საშუალება მოგვცა, გაგვეხსნა ეკონომიკა. ეს თავისთავად ტურიზმის თანმიმდევრულ აღდგენასაც გულისხმობს, რაც ესოდენ მნიშნელოვანი და პერსპექტიულია ჩვენი რეგიონისთვის. ამასთან, მიუხედავად სირთულეებისა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, ბევრ პროექტს საფუძველი ჩაეყარა და განხორციელების პროცესშია, რაც აუცილებლად მოგვცემს ხელშესახებ შედეგს.
ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონების თანაბარი და სწრაფი განვითარება. პარლამენტი სწორედ ის ადგილია, სადაც რეგიონული პოლიტიკის, განსაკუთრებით თვითმართველობის გასაძლიერებლად უნდა ვიმუშაოთ“ – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატი ყურადღებას საქართველოს სტატეგიულ პარტნიორებზე და მათ მნიშვნელობაზე ამახვილებს: ,,რაც მთავარია, დღეს საქართველო მარტო არ არის, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან აშშ-სა და ევროკავშირთან ერთად უამრავი პროექტი განვახორციელეთ და კიდევ უფრო მეტს ვგეგმავთ. მეტი ამერიკა და ევროპა საქართველოში და შესაბამისად მეტი ამერიკა და ევროპა სამეგრელოში! ეს გულისხმობს არამხოლოდ მეტ ამერიკელ და ევროპელ ტურისტს სამეგრელოში, არამედ მეტ ბიზნესმენსა და ინვესტორს, მეტ თანამედროვე ტექნოლოგიებს და მეტ საერთაშორისო სტანდარტის განათლებას სამეგრელოში. ამავე დროს, ევროპული გამოცდილების და მიდგომების დანერგვა სოფლის მეურნეობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მესაქონლეობის, მეჩაიეობის და მეციტრუსეობის და სხვა დარგების სწრაფი განვითარებისთვის.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროპული სახელმწიფო ინსტიტუტები და ევროპული საზოგადოება – როგორც მაგალითი, უნდა გახდეს ის რისკენაც ჩვენ ყველამ ერთად, უფრო მეტი შემართებით უნდა გავაგრძელოთ წინ სვლა . ეს განამტკიცებს ქართულ სახელმწიფოებრიობას, მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველო გამთლიანდეს და ჩვენი დევნილები დაბრუნდნენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ჩვენ კვლავაც ერთად ვიბრძოლებთ საქართველოს წარმატებისთვის!“ – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო უწყება Haqqin.az-ის სტატიაზე – უამრავ უზუსტობას შეიცავს
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს