ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაზვერვის შეფი ხდება, იზორია გერმანიაში მიდის

ძალოვან სტრუქტურებში მორიგი ცვლილებებისთვის ემზადებიან. ლევან იზორია, რომელმაც დაზვერვის სამსახური რამდენიმე თვის წინ ჩაიბარა დიპლომატიურ სამსახურში გადაინაცვლებს. მის ადგილს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაიკავებს. არ არის გამორიცხული შეიცვალოს შინაგან საქმეთა მინისტრიც.

როგორც „თაიმერს“ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, უკვე კარგა ხანია მიდის საუბარი იმაზე, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი კარიერას რომელიმე საელჩოში გააგრძელებს. ამაზე ჯერ კიდევ მაშინ ალაპარაკდნენ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარადგინეს. ეტყობა დიპლომატების შეცვლისთვის ხელისუფლებამ ასე უცბად ვერ მოიცალა და იზორია დროებით დაზვერვის სამსახურის უფროსად გაუშვეს. ამ უწყების ყოფილი ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ გადავიდა.

როგორც „ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო „თაიმერს“ უყვება, ხელისუფლებაში აქტიურად განიხილება ლევან იზორიას გერმანიაში საქართველოს ელჩად დანიშვნის საკითხი.

დაზვერვის სამსახურის გარდა ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტსაც ითავსებდა. ეს უწყება უშუალოდ პრემიერის დაქვემდებარებაშია. რადენიმე თვის წინ უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოვალეობას მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია ასრულებდა, რომელსაც მაშინ შს მინისტრი იყო.

ლევან იზორია არ არის გახარიას კადრი და რა გასაკვირია, რომ პრემიერის ამ პოსტზე საკუთარი კაცის დასმა სურდეს. „ოცნებასთან“ დაახლოებული წყაროს ცნობით, ამ პოსტზე ორი კანდიდატურა განიხილებოდა. ერთია ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, მეორე კახა საბანაძე. ერთს შს მინისტრის პოსტი უკავია, მეორეს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის.

როგორც მმართველ პარტიაში გვითხრეს, ამ ეტაპზე საბანაძის კანდიდატურა გამოირიცხა. დაზვერვას და სავარაუდოდ უსაფრთხოების საბჭოსაც ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ჩაიბარებს. საბანაძე კი შსს-ში დარჩება. არ არის გამორიცხული მან შს მინისტრის პოსტი დაიკავოს.

გასულ კვირას ბევრს საუბრობდნენ შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის შესაძლო შეცვლაზე. ეს საუბრები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციიდან გამოსულმა ლუკა სირაძემ თავი მოიკლა. თავიდან საზოგადოების მხრიდან უმწვავესი პროტესტი იყო. პროტესტი რომ არ განელებულიყო, ბიძინა ივანიშვილს შს მინისტრის შეცვლაზე მოუწევდა ფიქრი. პროტესტი განელდა, თუმცა გომელაურის მოხსნა დღის წესრიგში ისევ დგას.

ამასთან არც იმას გამორიცხავენ, რომ მან შს მინისტრობას უსაფრთხოების საბჭოს მდივნობა შეუთავსოს. ამ პოსტზე სუსის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურაც განიხილება. ერთიც და მეორეც ივანიშვილის კადრები არიან და მთავარი მეოცნებე ალბათ ასე უფრო მშვიდად იქნება. გახარიას კი ენდობა, მაგრამ არც ისე რომ ძალოვანებზე კონტროლიც მთლიანად მას დაავალოს.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაში„ტვ პირველის“ გარდა ფინანსთა სამინისტრომ ინკასო კიდევ ორ ტელევიზიას დაადო
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება