ალექსანდრე ჯეჯელავა – პირობას გაძლევთ, სკოლიდან წავა ყველა მასწავლებელი, ვინც ვერ შეძლებს, ბავშვი კარგ შედეგზე გაიყვანოს

jejelavaმესამე კლასში ჩემს ერთ-ერთ მასწავლებელზე ვიყავი შეყვარებული და დაუძლეველი სურვილი მქონდა, კარგად მესწავლა, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ეს ადამიანი იმდენად ზღაპრული იყო, რომ არასოდეს დამავიწყდება. ისტორიულად, სწავლას და სწავლებას საფუძვლად ყოველთვის ფართო გაგებით სიყვარული და პატივისცემა ედო. სკოლა პირველ რიგში, აღზრდის ადგილია და იქ პირველ რიგში, სული უნდა დავაბრუნოთ. სკოლაში კარგი ადამიანი უნდა აღიზარდოს და ამ კარგ ადამიანს თუ სწავლას შევაყვარებთ, ის აუცილებლად ისწავლის“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

მისი თქმით, პირველ რიგში, მასწავლებლებთან არის სამუშაო, რაც ძალიან ადვილია, რადგან ამ ხალხს მხარდაჭერა სჭირდება და არა კვალიფიკაცია.

„მშობლები თვლიან, რომ მასწავლებელს ჯადოსნური ჯოხი აქვთ. არადა, ბავშვმა თუ ოჯახში იგივე არ მოისმინა, რომ სწავლა კარგია, დედა თუ წიგნით ხელში არ ნახა, წიგნს არასოდეს წაიკითხავს, რადგან იფიქრებს, რომ კარგი რომ იყოს, მას დედა ან მამა გამოიყენებდა. ოჯახი და მასწავლებელი უნდა დავიყოლიოთ, რომ ბავშვს მეტი სიყვარული მისცენ. ამისთვის დროა საჭირო. დღეს კი, ჩვენს მასწავლებელს იმდენი დოკუმენტაციის გაკეთება უწევს რომ ვერ მიხვდებით, ის მასწავლებელია თუ ბუღალტერი. ჩვენ ამ სქემას აუცილებლად შევცვლით. ეს პროცესი ძირითადად დაწყებულია“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, მასწავლებელს ბავშვთან კარგ ურთიერთობაში ყოფნის საშუალება უნდა ჰქონდეს.

„არსებობს გამონათქვამი, რომ უნდა აღვზარდოთ არა შვილები, არამედ ჩვენი თავი და შვილები თვითონ დაგვემსგავსებიან. მასწავლებელი სამაგალითო ადამიანი უნდა იყოს. ის უნდა იყოს ისეთი პიროვნება, რომელიც ყველას ეხმარება, ყველას გვერდით უდგას და თავისი სამსახურის სიყვარულში იწვის, რაც ბავშვებსაც გადაედება. ბავშვს შრომა, გვერდით დგომა და მეგობრობა უნდა შეუყვარდეს. ეს სკოლის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, პლუს – საგნის სწავლება. მასწავლებელს უნდა ვაცადოთ, ბავშვთან კარგ ურთიერთობაში იყოს და პირობას გაძლევთ, სკოლიდან წავა ყველა მასწავლებელი, ვინც ვერ შეძლებს, ბავშვი კარგ შედეგზე გაიყვანოს’, – განაცხადა ჯეჯელავამ.

მისი თქმით, იმისთვის, რომ გაარკვიო, პედაგოგების მოტივაციის ასამაღლებლად რა არის საჭირო, პირველ რიგში, პედაგოგებს უნდა შეხვდე.

„მე 12 000 პედაგოგს შევხვდი და პირისპირ ვესაუბრე. მათ ზედმიწევნით იციან, რა სჭირდებათ. ესაა ბავშვებთან სამუშაოდ მეტი დრო, მშობლების მხარდაჭერა, მეტი თავისუფლება, სადაც ამის შესაძლებლობაა, გაკვეთილზე ნაკლები ბავშვი და უცნაური, სულელური გადაწყვეტილებების გაუქმება სჭირდებათ, როცა სამი საგანი ერთად ისწავლება. სია უზარმაზარია, რომელიც ყოველი შეხვედრის დროს იხვეწება და ძალიან მცირე ვადაში, რამდენიმე თვეში მასწავლებელთა თვისობრივად განსხვავებული მოტივაცია გვექნება. ეს ხალხი სკოლაში ფულისთვის არ არის მოსული. ისინი გეუბნებიან, რომ თუ ნორმალურ ხელფასს გადავუხდით, კარგ პირიობებს შევუქმნით და საყვარელ მოსწავლეებთან მივუშვებთ, მთებს გადაატრიალებენ. რა თქმა უნდა, ხელფასი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ნაბიჯებს ვდგამთ“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიმათ პრობლემა სააკაშვილთან კი არ აქვთ, პრობლემა აქვთ საკუთარ ხალხთან
შემდეგი სტატიასაქართველოში ნატო-საქართველოს მასშტაბური სწავლება იწყება