ალექსანდრე ჯეჯელავა მუხიანის საგამოცდო ცენტრში მივიდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ეროვნული გამოცდების პირველ დღეს მუხიანში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში მივიდა.

მინისტრი აბიტურიენტების გულშემატკივრებს გაესაუბრა და დაამშვიდა.“არ ვიცი შემიშვებენ თუ არა საგამოცდო ცენტრში, მეც თქვენნაირი ადამიანი ვარ.”

“მე მგონი, რომ კარგად მიმდინარეობს პროცესი, შორიდან ასე ჩანს. ახლა აქ მოვედი და თითქოს არაუშავს. მეც ახლა ვეცნობი სიტუაციას. გასარკვევია გამოცდაზე დათა თუთაშხიას თემად მოსვლის ამბები. როგორც მითხრეს, პროგრამაში არ იყო. ეს არ არის არც ერთ შემთხვევაში კარგი ამბავი. ფიზიკურად ყველა ცენტრში არ მივსულვარ ვაპირებ, რომ სადაც მოვასწრებ, რამდენიმე ადგილას მივიდე. ძირითადად თქვენთან მოვედი, შიგნით რომ შევიდე ხელს შევუშლი. წესი– წესია,” – განაცხადა მინისტრმა.

ალექსანდრე ჯეჯელავამ მუხიანის საგამოცდო ცენტრში მოულოდნელად მისვლამდე აბიტურიენტებს სოციალური ქსელით მიმართა:

“ყველა აბიტურიენტს წარმატებას და მალე, სტუდენტობას გისურვებთ. მთავარია, არ ინერვიულოთ და დადებითი განწყობით მიხვიდეთ გამოცდაზე. ყველა საგამოცდო ცენტრში კომფორტული გარემოა შექმნილი, რომ მაქსიმალურად კარგად გამოავლინოთ თქვენი ცოდნა. გახსოვდეთ, რომ, ჩემი სახით, კიდევ ერთი გულშემატკივარი გყავთ. თქვენს შესაძლებლობებშიც დარწმუნებული ვარ და ვიცი, როგორც სტუდენტებს, მალე შეგხვდებით. აბა, თქვენ იცით!,”– წერს ჯჯელავა.

banner
წინა სტატიაშითინათინ ხიდაშელი იტალიელ კოლეგას შეხვდა
შემდეგი სტატიაჯონ კერი საქართველოში 6 ივლისს ჩამოვა