ალექსანდრე ძნელაძე – სესხების გაცემა მნიშვნელოვნად შემცირდება

მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებული ახალი რეგულაციების მიზანია, დაკრედიტება მეტად პასუხისმგებლიანი გახდეს, რაც გარკვეულწილად, საზოგადოების ნაწილს სესხის მიღებას შეუზღუდავს, – ამის შესახებ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გრძელვადიან პერიოდში კი, ახალი რეგულაციები დაკრედიტებას უფრო ურისკოს გახდის.

ძნელაძის შეფასებით, იანვრის პერიოდი საკმაოდ რთული იქნება საბანკო სექტორისთვის, რათა სიახლეს მოერგოს და არ მოხდეს გადაცდომა. ახალი რეგულაციების, კონკრეტული კოეფიციენტებისა და კონკრეტული მიდგომების იმპლემენტაციისთვის საკმაოდ ბევრი სამუშაოა გასაწევი.

„მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ერთბაშად შევიდა აღნიშნული რეგულაცია და შეეხო ყველა სესხს, მათ შორის სესხებს, რომლებიც დამტკიცებული იყო წინა წელს და ვერ მოხერხდა გაცემა. ეს მეტნაკლებად გამოიწვევს აღნიშნული სესხების ახლიდან განხილვას. ამასთან, მეეჭვება, რომ გასული წლის ბოლოს იმ პირებს უმტკიცდებოდა სესხები, რომლებსაც ცალსახად აღარ მიეცემათ კრედიტი. ალბათ, უფრო კორექტირება შეიძლება შევიდეს, მაგალითად ვადიანობასთან ან თანხასთან დაკავშირებით, უფრო მეტად ამაზე მაქვს აქცენტი და არა იმაზე, რომ ვთქვათ, უკვე დამტკიცებულ სესხს საერთოდ ვეღარ აიღებს. თეორიულად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, სესხი დამტკიცდა, მაგრამ ახალი პარამეტრებით აღარ ეკუთვნოდეს, თუმცა რეალობაში არ მგონია, ასეთი სესხები არსებობდეს“, – განაცხადა ძნელაძემ.

მისივე თქმით, საბანკო ასოციაცია მოსახლეობისთვის ახლო მომავალში ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით განმარტებებს მოამზადებს, რათა არასწორი ინტერპეტაცია არ მოხდეს და ყველამ კარგად გაიგოს, რა მოთხოვნები დადგა არა მხოლოდ საკრედიტო ინსტიტუტების მიმართ, არამედ მსესხებლებისთვის.

„ეროვნული ბანკის მოლოდინი მეტნაკლებად ოპტიმისტური გვგონია, რომ მომავალ წელს 13-14 პროცენტით გაიზრდება საკრედიტო პორტფელი ქვეყანაში. მიგვაჩნია, რომ ეს უფრო ნაკლები იქნება ან საერთოდ არ გაიზრდება. ჩვენ არ გვაქვს ასეთი ოპტიმიზმი“, – განაცხადა ძნელაძემ.

მისი თქმით, ახალი რეგულაცია კომპლექსურია და ფიზიკური პირების დაკრედიტებას მთლიანად ჩარჩოში აქცევს, ცალსახად განსაზღვრავს ერთიან საკრედიტო პოლიტიკას ფიზიკური პირებისთვის.

„ძალიან ბევრი განმარტება არის გასაკეთებელი, მაგალითად რას ნიშნავს უძრავი ქონების დაგირავება მესამე პირისთვის, რას ნიშნავს დღეიდან თავდებად ჩადგომა სესხზე და სხვა უამრავი ელემენტია, რომელიც მნიშვნელოვანია გაითვალისწინოს არა მხოლოდ საკრედიტო ინსტიტუტმა, არამედ ფიზიკურმა პირმა, რომელიც სესხის აღებას აპირებს“, – განაცხადა ძნელაძემ.

ამასთან, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სესხების გაცემა შემცირდება.

„სესხების გაცემა მნიშვნელოვნად შემცირდება. ზუსტ ციფრებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ისევ შეფასებისა და დათვლის პროცესში ვართ. ძველი ფორმატით განვადება აღარ იარსებებს. როცა მომხმარებელი მიდიოდა და მხოლოდ პირადობის მოწმობით იღებდა რაღაც სესხს, ასეთი პროდუქტები პრინციპში აღარ იარსებებს, თუ არ იქნება გარკვეული შემოსავალი“, – აღნიშნა ძნელაძემ.

მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული, ფიზიკურ პირებზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულება. შესაბამისად, სესხების გაცემაზე ახალი პირობები ამოქმედდა.

banner
წინა სტატიაშიმტაცებლის შემოსევა თელავის მუნიციპალიტეტში – სოფელ შალაურში მგლებმა საქონელი დაგლიჯეს
შემდეგი სტატიაპატრიარქი ხვალ იუბილარია