ალექსანდრე ბარამიძე – ინკვიზიციური საპროცესო კოდექსი სისტემურად ახალი კოდექსით შევცვალეთ

ინკვიზიციური საპროცესო კოდექსი სისტემურად ახალი კოდექსით შევცვალეთ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ უზენაეს სასამართლოში განაცხადა, სადაც “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარების” წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც “თაიმერს” იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული გამოცემა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარების პირველი რედაქციაა. როგორც პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, გამოცემა გზას გაუკვლევს ყველა პროფესიონალს, სისხლის სამართლის პროცესის ყველა მონაწილეს, თუ როგორ გამოიყენოს კანონი ერთგვაროვნად და სამართლიანად.
“2010 წელს, როდესაც დღევანდელი სისხლის სამართლის კოდექსი ამოქმედდა, ეს იყო ნამდვილად შემობრუნების წერტილი ქართული სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ისტორიაში. იმიტომ, რომ მაშინ, ჩვენ უწინ მოქმედი ინკვიზიციური პრინციპების საფუძველზე აგებული საპროცესო კოდექსი შევცვალეთ სისტემურად ახალი კოდექსით, რომელიც შეჯიბრობითობის პრინციპზეა დამყარებული, მაგრამ არცერთი კანონი არ არის იდეალური, ამიტომაც უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო სხვა უწყებებთან, პარლამენტთან, დარგის სპეციალისტებთან ერთად მუშაობდა სხვადასხვა სახის შესწორებებზე, რომელიც შეტანილ იქნა კოდექსში,” – აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც შეჯიბრობითობის პრინციპმა რეალური შინაარსი შეიძინა. გაუმჯობესდა რეგულაციები, რომელიც კავშირშია საპროცესო შეთანხმებასთან, დაზარალებულის უფლებები; დაკავების და წინასწარი პატიმრობის საკითხებთან დაკავშირებული ნომები გახდა უფრო მკაფიო, სამართლიანი და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებთან.
მან მინისტრის მოადგილემ აშშ-ს მთავრობას, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს, ამერიკის იურისტთა ასოციაციას და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში მონაწილე ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ კომენტარებზე მუშაობა გაგრძელდება და კოდექსში შესული სიახლეები მომავალ გამოცემებში იქნება ასახული.

banner
წინა სტატიაშიაფეთქება სტამბოლში – წინასწარი ინფორმაციით, არის მსხვერპლიც
შემდეგი სტატიაგიორგი პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა