ალექსანდერ ვერშბოუ საქართველოს ნატოში წევრობისთვის ახალი სტატუსის შექმნის იდეაზე საუბრობს

უნდა დავეხმაროთ უკრაინას, საქართველოსა და ახლა უკვე ბელარუსს პოლიტიკური ჩარევისგან თავის დაცვასა და კიბერუსაფრთხოების შექმნაში, რათა დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.

დიპლომატმა რუსეთის აგრესიული ქცევის საწინააღმდეგოდ ხარჯების გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ნუ შეეცდებით პუტინთან დიდი გარიგებების დადებას ჩვენი პრინციპების ხარჯზე. მოსკოვთან უკეთესი ურთიერთობების სამსხვერპლოზე ნუ შესწირავთ სხვა ქვეყნებს. წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ რუსულ აგრესიას ყველა სფეროში, ნატოს გაძლიერების საშუალებით. პოლიტიკური ჩარევისგან თავის დაცვასა და კიბერუსაფრთხოების შექმნაში უნდა დავეხმაროთ უკრაინას, საქართველოსა და ახლა უკვე ბელარუსს, რათა დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი. რუსეთის აგრესიული ქცევის საწინააღმდეგოდ, უნდა გავზარდოთ ხარჯები, მაგრამ ამასთანავე ჩვენ ასევე ვიცით, რომ აქ არ არსებობს სწრაფი გაუმჯობესების პერსპექტივა. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გამოვიჩინოთ მოთმინება და სიმტკიცე ჩვენი პრინციპების დაცვაში. პუტინი ხელისუფლებაში შესაძლოა კიდევ 10, 16 ან მეტი წლის განმავლობაში დარჩეს და მან აირჩიოს პოლიტიკური კონტროლის შენარჩუნება იმ ნარატივის გაგრძელებით, რომ დასავლეთმა რუსეთის დამარცხება გადაწყვიტა და უარყო მისი ღირსეული ადგილი მსოფლიოში“, – განაცხადა ვერბშოუმ.

მისივე თქმით, უკრაინასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის, შესაძლოა უპრიანი იყო ახალი სტატუსის შექმნა, მაგალითად, ასოცირებული წევრის სტატუსის.

„ნატოში რუსეთის წევრობის საკითხი, სერიოზულად განიხილებოდა კლინტონსა და ელცინს შორის. თუმცა საქმე ამაზე შორს არასდროს წასულა. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ შესაძლებელია ამ საკითხს რაიმე ფორმით დავუბრუნდეთ. მაგალითად, უკეთესი სამოქალაქო ურთიერთობა ნატოსა და რუსეთს შორის, რათა არ ჰქონდეთ განცდა, რომ ნატო-რუსეთის პარტნიორობა მხოლოდ ფასადური მიდგომაა. ეს შეიძლება გაკეთდეს ერთგვარი ყოვლისმომცველი მეთოდით. თუ რას ვაკეთებთ უკრაინასა და საქართველოს წევრობისკენ სწრაფვის შესახებ: ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან, მაგრამ ვერ გავითვალისწინეთ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამას. შესაძლოა, ეს მოხერხდეს რაიმე ახალი, ასოცირებული წევრის სტატუსის შექმნით, უკრაინისთვის და საქართველოსთვის“, – განაცხადა ვერშბოუმ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერმა ვაკის რაიონის მოსახლეობას უფასო პარკირებით სარგებლობისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროული დარეგისტრირებისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატია“შესანიღბად კურიერის ჩანთას და სკუტერს იყენებდა” – ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავეს