“ალეკო ელისაშვილმა დაასახელოს თუნდაც ერთი გვარი, ვინც ანგარებით მოხვდა სიაში”

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის ბრალდებებს პასუხობს.

როგორც ეკა ბესელიამ ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გადაცემა “2030”-ში განაცხადა, კარგია, რომ პროკურატურამ ალეკო ელისაშვილის განცხადებებზე რეაგირება სწრაფად მოახდინა.

“მე დღეს მთავარ პროკურორს პირადად მოვუწოდე, რომ სწრაფად მომხდარიყო გადამოწმება. ან ელისაშვილს მოუწევს დაადასტუროს ფაქტებით ის, რასაც ამბობს, ან ის პასუხს აგებს იმაზე, რომ ცრუ განცხადებები გააკეთა. ელესაშვილმა ძალიან ბევრ ადამიანს მიაყენა შეურაცხყოფა, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებს, კომისიას, რომელშიც ძალიან მაღალი ავტორიტეტის ადამიანები იყვნენ. ელისაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა პარლამენტს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. უკაცრავად, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს, ამის დასაბუთება არ მოეთხოვება?! როგორ შეიძლება ასეთი უაპელაციო ბრალდებები. მე პირადად ვარ დაინტერესებული, რომ ყველა დეტალი გამოაშკარავდეს, თუ ვინ ცრუობს. თუ რომელიმე საჯარო მოხელე ან პოლიტიკოსი, იმგვარ უზნეობას სჩადის, რომ ადამიანს ეხმარება ანგარების სანაცვლოდ, ის უნდა დაისაჯოს. თუ ეს ცრუ ბრალდებაა, ის ადამიანიც უნდა დაისაჯოს, ვინც ამას აკეთებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას ალეკო ელისაშვილთან, პოლიტპატიმრების სიებთან დაკავშირებით აქვს კითხვები, თუ ვინ იყო ამ სიაში ანგარებით ჩასმული. მისივე თქმით, ასევე საინტერესოა ზვიად ქორიძის განმარტებები, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიდიღმის მასივში ავტომანქანა აფეთქდა
შემდეგი სტატიადავით საგანელიძე ჩინეთში საქმიან შეხვედრებს მართავს