ალეკო ელისაშვილი : შეთანხმება თუ შედგა, ოპოზიციის მხრიდან დათმობა არის პარლამენტში შესვლა, ამის თქმა ნუ ერიდება ნურავის, ხმამაღლა თქვან, ეს არ არის ქვეყნის ღალატი

ჩვენ გვინდა, რომ მოლაპარაკება გაიმართოს, ჩვენ ვართ მოლაპარაკებისა და შეთანხმების მომხრე, რადგან მოლაპარაკების მაგიდაზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებზეც თუ შევთანხმდებით, ეს იქნება ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, – აცხადებს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით.

ელისაშვილის თქმით, არ იცის, როდის გაიმართება ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი.

„როდის იქნება, არ ვიცი. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა ვისურვებდი, რაც მალე იქნება, უკეთესია, ვინაიდან ეს კრიზისი უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. ქვეყანამ უნდა ამოისუნთქოს და სხვა კრიზისებს უნდა მივხედოთ, კორონავირუსი იქნება ეს თუ სიღატაკე, რომელსაც შევეჯახეთ ასე მწარედ. შეთანხმება თუ შედგა, რომელი პარტიაც მოაწერს ხელს, შეთანხმების საგანი ის არის, რომ ერთი მხრივ, „ქართული ოცნება“ თმობს რაღაც საკითხებს იმ ოთხ საკითხზე, რაზეც მიდის ლაპარაკი; ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი და დათმობა არის პარლამენტში შესვლა – აბა რისთვის ვაწერთ ხელს, მოვაწერთ და სახლში ხომ არ წავალთ. ამის თქმა ნუ ერიდება ნურავის, ხმამაღლა თქვან და ჩურჩულით ნუ ამბობენ, პარლამენტში წასვლა არ არის ქვეყნის ღალატი; პირიქით – ქვეყნის სამსახურია. თქვან ეს თამამად, ისევე თამამად, როგორც ჩვენ ვამბობთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 2 პირი
შემდეგი სტატიათამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ადვოკატთან ერთად დღეს თბილისის პროკურატურაში არიან დაბარებული