ალეკო ელისაშვილი: ოპოზიციამ გატეხა სიტყვა

“მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, 8 მარტის შეთანხმების დროს ოპოზიციამ სიტყვა გატეხა და სწორედ ამიტომ არ გათავისუფლდა გიორგი რურუა ციხიდან.

ელისაშვილი ასევე ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ნაწილობრივ უკვე წავიდა დათმობებზე.

“ქართული ოცნება” ნაწილობრივ უკვე წავიდა დათმობებზე, იმიტომ რომ მოლაპარაკების მაგიდაზე იყო 5 სახელზე და გვარზე ლაპარაკი, შესაბამისად, 5 ადამიანზე და იმ 5-დან ვისზეც ვსაუბრობდით, ორი ადამიანი გათავისუფლდა. ის ადამიანები, ხუსკივაძე და კობალაძე იმიტომ კი არ გამოვიდნენ, რომ კარგი ადვოკატები ჰყავთ, ან კარგ მოსამართლეს გადააწყდნენ, არამედ იმიტომ რომ მოლაპარაკების პროცესი მიდის.

8 მარტის შეთანხმებაში მე არ ვმონაწილეობდი, მაგრამ ახლა ამ მოლაპარაკებაში ვმონაწილეობ და როდესაც იყო საუბარი და პირველად როდესაც დაისვა საკითხი პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, “ქართულ ოცნებას” ჰქონდა ასეთი რეაქცია, რომ საერთოდ ამაზე როგორ გვესაუბრებით, ვინაიდან თქვენ გატეხეთ სიტყვა და თქვენ გამო შეფერხდა პროცესი. რაღაცაზე შეთანხმდნენ, რის საფუძველზეც გამოვიდოდნენ პოლიტპატიმრები, ოპოზიციამ გატეხა სიტყვა, ძალიან ცუდად დაიწყო როგორც ჩანს ქცევა, ამით, რა თქმა უნდა, ისარგებლა “ქართულმა ოცნებამ” ძალიან ოსტატურად და მოხერხებულად და რურუა ჩარჩა ციხეში. შესაბამისად, ეს არგუმენტები, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” მოიყვანა, ვინც მოლაპარაკების მაგიდაზე იყო და ვინც მონაწილეობდა 8 მარტის შეთანხმების რაუნდებში, ვერცერთი არგუმენტი საპასუხოდ ვერ თქვეს, ის კი არაა, ძალიან უხერხული სიჩუმე იყო… ოპოზიციამ თავისი პირობა, რაც 8 მარტის შეთანხმების დროს დადო, გატეხა. გიორგი რურუა არ გაუთავისუფლებიათ იმის გამო, რომ ოპოზიციამ მაშინ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, სიტყვა გატეხა და ამით დაეხმარა “ქართულ ოცნებას”, რომ რურუა არ გამოეშვათ ციხიდან. რა იყო ეს ვალდებულება ამას ვერ ვიტყვი, ეს 8 მარტის შეთანხმების საკითხია,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილმა მამუკა ხაზარაძეს შეხვედრების დროს გამართული საუბარი გაახსენა
შემდეგი სტატიანათია თურნავა: რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა სავარაუდოდ თებერვალში მოიხსნება-ტესტი, ვაქცინაციის საბუთი