21.1 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

ალეკო ელისაშვილი მოსამართლეს: 15 წელი ციხეში ისე უნდა გამიშვათ, რომ ვიდეოჩანაწერი არ ამოიღოთ? მე-19 საუკუნის სასამართლოა?

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის მცდელობაში ბრალდებულ პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილის პროცესზე ხმაურიანი განცხადებები გაჟღერდა. ელისაშვილმა მოსამართლეს მას შემდეგ მიმართა მწვავედ, რაც სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა — საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა სამხრე-კამერების ჩანაწერების ამოღების შესახებ — არ დააკმაყოფილა.

საუბარია იმ ვიდეომასალაზე, რომელიც ასახავს პატრულის შესვლას სასამართლოს შენობაში იმ დროს, როდესაც ელისაშვილი მანდატურის სამსახურს უკვე დაკავებული ჰყავდა.

„ტერორიზმს მედავებით, 15 წელი ციხეში უნდა გავატარო და უხერხულობას მაინც ვერ გრძნობთ, რასაც იძახით, რომ არ არის მნიშვნელოვანიო? 15 წელი ციხეში ისე უნდა გამიშვათ, ჩანაწერი გაქვთ და ჩანაწერი არ უნდა ამოიღოთ? შეგრცხვეთ მაინც რაღაცის… მე-19 საუკუნის სასამართლოა? კარგით რა, რანაირ ქვეყანას აშენებთ, უხერხულობას არ გიქმნით? და მერე იტყვით, რომ სისტემური ძალადობა არ არის ესო“, — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა პროცესზე.

სხდომის მიმდინარეობისას სასამართლოს წინაშე მანდატურის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაიკითხნენ.

მანდატურმა დავით ხარებაშვილმა  აღნიშნა, რომ პოლიტიკოსზე ძალადობის ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

რევაზ ბუღადრიშვილის განცხადებით,  ელისაშვილის განეიტრალების შემდეგ, კითხვაზე, თუ რატომ ჩაიდინა ეს ქმედება, პოლიტიკოსმა უპასუხა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს არასამართლიანი გადაწყვეტილებები გამოჰქონდა.

ინფორმაციისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიპესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასი სახელმწიფო რეგულირებას დაექვემდებარება — ვინ და როგორ დაჯარიმდება დარღვევისთვის
შემდეგი სტატია“ასწავლეს ჭკუა”- ნინო წილოსანი მის პოსტზე შეუარცხმყოფელი კომენტარის გამო ადვოკატის დაჯარიმებას ეხმაურება