ალეკო ელისაშვილი: ხელის გულზე დავულაგებ მედიას ყველაფერს

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

როგორც კი დავრწმუნდები, რომ საქმის ფალსიფიკაცია ან ჩაფარცხვა მიმდინარეობს, მაშინვე ხელის გულზე დავულაგებ მედიას ყველაფერს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა “პალიტრანიუსს” განუცხადა.
“ჩემს მიერ გვარების დასახელების შემდეგ და მას შემდეგ, რაც ზვიად ქორიძემ კონკრეტული გვარები დაასახელა, დაიწყო ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და დაკითხვები. დაკითხული არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და ამჟამად ვიცე-მერი, ასევე დაკითხულია რამდენიმე მსჯავრდებული, მსჯავრდებულთა ახლობლები. ანუ ინტენსიური პროცესი მიდის. ზოგადად, პირველი, რაც არ მომეწონა და რამაც ეჭვი გამიჩინა, იყო ეკა ბესელიას განცხადება იმის შესახებ, რომ მე ცრუ ჩვენებისთვის პასუხისგება მომიწევს. ეს იყო ძალიან საეჭვო, იმიტომ, რომ რა იცის ეკა ბესელიამ მე რა ჩვენება მივეცი? ხომ არ წამოსცდა ეკა ბესელიას ის, რომ ჩემი ჩვენება წაკითხული აქვს? თუ ეს დადასტურდა მე მოვაწყობ დიდ პრესკონფერენციას”, – აცხადებს ელისაშვილი და “ქართული ოცნების” პოლიტიკოსებს ურჩევს, მოვლენებს არ გაუსწრონ და თავისი ნათქვამი ძალიან კარგად “აწონ-დაწონონ”.
“ზოგადად, მე პატივს ვცემ კანონს და რაღაც სკანდალის შექმნისთვის და გაბუქებისთვის არ მჭირდება ეს ყველაფერი. მე მინდა ადამიანებმა იცოდნენ, რომ არსებობენ ბინძური პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს ზურგს უკან საკუთარი გავლენებით ვაჭრობენ. ეს ხალხი უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკას. მე მივყვები გამოძიებას და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ შედეგები დადოს. მე, როგორც პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე, ფეხდაფეხ მივყვები და რაც შემეძლება ყველაფერს მივაწვდი გამოძიებას, მაგრამ როგორც კი დავრწმუნდები, რომ საქმის ფალსიფიკაცია და ჩაფარცხვა მიმდინარეობს, მაშინვე ხელის გულზე დავულაგებ მედიას ყველაფერს და უმარტივესია ამ საქმის გარკვევა. არ მინდა, რომ პროკურატურამ ჩაფარცხოს ეს საქმე. შოთაძე ისედაც გვარიანად ნალანძღი პროკურორია. მასაც და გიორგი მუჯირსაც, რომელიც ამ საქმეს იძიებს, შეუძლიათ, რომ ძალიან მაგარი ტიპები იყვნენ, ძალიან ავტორიტეტული და პატივსაცემი ადამიანები გახდნენ საზოგადოების თვალში, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს. თუ არ მიიყვანენ, მე მივიყვან”, – განაცხადა ელისაშვილმა.
მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს, გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. აღნიშნულის საფუძველი შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადება გახდა, რომლის ინფორმაციითაც, “ქართული ოცნების” ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში თავად ალეკო ელისაშვილიც დაკითხეს.

banner
წინა სტატიაშიNGO-ები ენმ-ის ოფისზე მომხდარი თავდასხმის დროულ გამოძიებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაბაიდენმა იაცენიუკზე თავდასხმა შეაფასა