ალეკო ელისაშვილი : ირაკლი კობახიძე რომ იღვიძებს ხოლმე და თავის სიზმრებს ყვება, ამ ეპოქას ხვალ დილიდან წარსულს ჩავაბარებთ

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 31, 2020 12:10

ალეკო ელისაშვილი : ირაკლი კობახიძე რომ იღვიძებს ხოლმე და თავის სიზმრებს ყვება, ამ ეპოქას ხვალ დილიდან წარსულს ჩავაბარებთ

ირაკლი კობახიძე რომ იღვიძებს ხოლმე და თავის სიზმრებს ყვება, ამ ეპოქას ხვალ დილიდან წარსულს ჩავაბარებთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე რთული და საომარი იქნება, თუმცა საბოლოოდ, უკეთესი საქართველოსკენ გადაიდგმება ნაბიჯი.

„24 ნომერი შემოვხაზე, მიკიბულ-მოკიბულად რომ ლაპარაკობენ ხოლმე, იმას მივეცი ხმა, ამას, განვითარებას და ა.შ. არა, უკეთეს საქართველოს მივეცი ხმა და ეს ჩემი ღრმა რწმენით 24 ნომერია, თავად წარმოვადგენ ამ პარტიას და რა თქმა უნდა, მაჟორიტარულ ბიულეტენშიც ჩემს თავს მივეცი ხმა, რადგან ჩემი თავის იმედი მაქვს და ზუსტად ვიცი, რომ ვიბრძოლებ უკეთესი საბურთალოსთვისაც და უკეთესი საქართველოსთვისაც.

ღრმად ვარ დარწმუნებული, დღეს კი რთული დღე გვექნება, საომარი და საბრძოლო, მაგრამ საერთო ჯამში, ამაღამ შევცვლით და უკეთესი საქართველოსკენ გადავდგამთ ნაბიჯს – ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ მაღალი პროცენტულობით გაიმარჯვებს.

„ირაკლი კობახიძე რომ იღვიძებს ხოლმე და თავის სიზმრებს ყვება, ამ ეპოქას ხვალ დილიდან ჩავაბარებთ წარსულს, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული და არავისთვის საინტერესო აღარ იქნება ერთი თავგაჩეჩილი ირაკლი კობახიძე“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

საბურთალოზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას კობახიძის განცხადების საფუძველზე შსს-ს მიერ გამოძიების დაწყების შესახებ.

„ეს „ქართული ოცნების“ ბოლო გაფართხალებაა და დღეს არ იქნება მარტივი დღე, რთული დღე გველის, ბრძოლა გველის და ყველა მზად ვართ, რომ ვიბრძოლოთ და შევცვალოთ. იმისთვის ვარ აქ, იმისთვის შემოვხაზე 24, რომ შევცვალოთ ეს ამბავი და 24 საათის მერე აბსოლუტურად სხვა საქართველოში ვიცხოვროთ – მრავალპარტიულ, დემოკრატიულ საქართველოში, სადაც „ქართული ოცნება“ თავის ირაკლი კობახიძიანა იქნება ოპოზიციაში და ეს იქნება კარგი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 31, 2020 12:10