“ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი” (ALDE) “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას პასუხობს.
ALDE აღნიშნავს, რომ ისინი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ქმედებას არ ამართლებენ ისევე, როგორც არასდროს გაამართლებენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ან ქიმიური იარაღის გამოყენებას.
რა თქმა უნდა, ALDE ამ ქმედებებს არ ამართლებს, ეს თავისთავად ნათელია. ისევე, როგორც ჩვენ არასდროს გავამართლებთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის ან მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას,” – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ALDE-ს მხრიდან რეაქცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავებიდან 10 დღის შემდეგაც არ მიუღიათ.
ათი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც “ძლიერი საქართველო – ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტული აქტის ჩადენის ბრალდებით დააკავეს…
ამ ფონზე, პოლიტიკური პარტიის მიერ ტერორისტული აქტის ჩამდენად იდენტიფიცირებულ პირთან მჭიდრო პოლიტიკური ერთიანობის შენარჩუნება სერიოზულ სამართლებრივ და ეთიკურ პრობლემას ქმნის. ეს აღარ არის მხოლოდ მორალური არჩევანი – ეს წარმოადგენს ტერორიზმისგან არასაკმარის დისტანცირებას, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლებს…” – დაწერა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


















