ALDE-ს რეზოლუცია პასუხია იმ პროპაგანდის, რაც ისმის „ქართული ოცნებისგან“, რომ თითქოს ოპოზიცია არ მუშაობს და ხელს უშლის კანდიდატის სტატუსის მიღებას – სამნიძე

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციამ საკუთარი არგუმენტებით ევროპელი პარტნიორები დაარწმუნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან დაშორდა საზოგადოებას, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ლიბერალური პარტიების ოჯახმა, სიდიდით მესამე ფრაქციამ ქართული ხუთი პოლიტიკური პარტიის ინიციატივით, რომლებიც ამ ოჯახის წევრი არიან, მიიღო და დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც ცალსახად წერია, რომ ALDE-ს კონგრესის მონაწილეები, ევროპარლამენტარები და ევროპის ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის წევრები მხარს უჭერენ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად საქართველო გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მატარებელი.

„ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ამ რეზოლუციით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი ცალსახად უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, დღეს უკვე, ამ შესაძლებლობის ფანჯრის გამოყენებას და კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება” საკუთარ ევროპულ ოჯახთან მსგავსად იმუშავებს. ასევე ვერ ვხედავთ „ქართული ოცნების” აქტიურობას და სისტემურ შეხვედრას ევროპის დედაქალაქებში, რაც იქნებოდა დასტური იმისა, რომ ის ცდილობს და მაქსიმუმს აკეთებს ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ, ჩვენი არგუმენტებით ევროპელი პარტნიორები დავარწმუნეთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან დაშორდა საზოგადოებას, ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს რეზოლუცია ასევე პასუხია იმ პროპაგანდისა, რაც ისმის „ქართული ოცნებისგან”, რომ თითქოს ოპოზიცია არ მუშაობს და პირიქით, ხელს უშლის კანდიდატის სტატუსის მიღებას. სინამდვილეში კი, ოპოზიციამ დაადასტურა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ სტატუსის მისაღებად, რომ „ქართული ოცნება” პასუხისმგებლობას სხვას აკისრებს და არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათი მხრიდან მტკიცე ნაბიჯები დავინახოთ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მისი თქმით, ევროპელი პარტნიორების მხრიდან ბევრი შეკითხვა ისმის საქართველოს შიდა პრობლემებთან დაკავშირებით. სამნიძის განცხადებით, დღის წესრიგში პირველ საკითხად დგას მართლმსაჯულება და ასეთ პროცესში რთული იყო კიდეც რეზოლუციის მიღება, თუმცა მისივე განმარტებით, ოპოზიციამ ეს შეძლო.

„ჩვენ ეს შევძელით და მათ დავანახეთ საფრთხე, რომელიც ქვეყანას ემუქრება- რუსეთთან პირისპირ დარჩენა“, – განაცხადა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშითიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
შემდეგი სტატიაოლიგარქები, პროპაგანდისტები, სპორტსმენები, რუსული ელიტა… – უკრაინა 12 ათასი ფიზიკური პირისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს