ალბანეთში რუსეთის ჯაშუშები გამოავლინეს

ალბანეთის დედაქალაქის, ტირანას პროკურატურა ჯაშუშობის საქმეს იძიებს, რომელშიც რუსეთის ორი მოქალაქეა ეჭვმიტანილი. „ევრონიუს“-ის ალბანური რედაქციის ინფორმაციით, ნატოს წევრი ქვეყნების მონაწილეობით გამართული ყოველწლიური სამხედრო წვრთნის მიმდინარეობისას, კოალიციურმა ძალებმა ალბანეთის ტერიტორიაზე ორი რუსი ჯაშუშის შესვლის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ისინი ნატოს მოქმედებების შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას აგროვებდნენ.

 

 

 

 

 

 

 

ერთ-ერთ ეჭვმიტანილი 47 წლის ვლადისლავ ჩერკასოვია, რომელიც ალბანეთში მონტენეგროდან შევიდა. მას შესვლისას დრონი აღმოუჩინეს და ჩამოართვეს. ჩერკასოვი ტირანას ერთ-ერთ ელიტარულ სასტუმროში ყალბი პირადობით დაბინავდა, შემდეგ კი ქალაქ დურესისკენ აიღო გეზი. დურესში ჩერკასოვი სამი დღით დარჩა, ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც იქ სამხედრო წვრთნა მიმდინარეობდა. მან ქვეყანა სამი დღის შემდეგ დატოვა.

 

 

 

 

 

 

 

 

მეორე ეჭვმიტანილი, გიორგი ბუდანოვი, ალბანეთში ჩრდილოეთ მაკედონიიდან 1 მარტს შევიდა და ორიკუმის მახლობლად დაბინავდა, სადაც ასევე მიმდინარეობდა საერთაშორისო სამხედრო წვრთნა. ბუდანოვმა საზღვარზე თავი ბიზნესმენად წარადგინა და საპორტო ქალაქ ვლორაში ინვესტიციის განხორციელების სურვილი გამოთქვა. სამხედრო წვრთნის დასრულებამდე ბუდანოვი ვლორას სიახლოვეს, ორიკუმში დარჩა. ბუდანოვი ალბანეთიდან 10 მაისს იქნა დეპორტირებული.

 

 

 

 

 

 

ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ალბანეთის ტერიტორიაზე უმნიშვნელოვანესი სამხედრო სწავლება „Defender Europe 21“ გაიმართა, რომელშიც ალიანსის 26 წევრი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები და საბრძოლო ტექნიკა იღებდა მონაწილეობას. სწავლების ერთ-ერთი სცენარი რუსეთის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო იერიშის მოგერიებას შეეხებოდა.

 

 

 

 

 

 

 

შეგახსენებთ, რომ მანამდე, რუსი დიპლომატები ჯაშუშობის ბრალდებით ბულგარეთმა და იტალიამ თავისი ქვეყნებიდან გააძევეს. იტალიის პოლიციამ 31 მარტს ჯაშუშობის შესახებ ეჭვის საფუძველზე, იტალიის საზღვაო ძალებს კაპიტანი და რუსეთის სამხედრო უწყების წარმომადგენელი დააკავა. მოგვიანებით გაირკვა, რომ იტალიელი კაპიტანი რუსეთის საელჩოს თანამშრომელს, სინამდვილეში კი კრემლის ჯაშუშს, ნატოს საიდუმლო დოკუმენტებს ფულის სანაცვლოდ აძლევდა.

ვლადიმერ პუტინი, ნატოს, რუსეთის წინააღმდეგ მზარდ აგრესიაში ხშირად ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ორგანიზაცია ომისთვის ემზადება. სინამდვილეში ნატო თავდაცვითი ალიანსია და ეს თავად რუსეთი გამოირჩევა მის მიმართ აგრესიით. კრემლი პატივს არ სცემს სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტს და ჯაშუშებს იმ საქმეებში ჩარევისთვის იყენებს, რომლებიც მოსკოვს საერთოდ არ ეხება.

რუსმა ჯაშუშებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მათ საქმისთვის შეუსაბამო უნარები აქვთ და თავს ამჟღავნებენ. თუმცა, იმ ფაქტს, რომ კრემლი უცხო ქვეყნების ტერიტორიებზე არალეგალურ ოპერაციებს ნატოს წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ ახორციელებს, რუსული სპეცსამსახურების არაკომპეტენტურობა არ ცვლის. პუტინის რუსეთი თავად არის აგრესიული აქტორი, რომელიც რატომღაც ყოველთვის სხვებისკენ იშვერს თითს.

 

ავტორი:გურამ შარაშიძე

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი: პარლამენტს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერება შეეძლო
შემდეგი სტატია“დირექტორის წასვლამ უფრო მეტი შეკითხვა გაგვიჩინა”- “მაესტროს” ჟურნალისტების განცხადება