ალასანია: პოლიტიკური პიარია, ცდილობენ ყურადღება გადაიტანონ მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნიდან

მესამე პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. მას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ.

“მივიღე გადაწყვეტილება, რომ მოვიდე, გავიგო რა პრეტენზიები აქვთ, თუ აქვთ საერთოდ, რასთან დაკავშირებით არის გამოძახება, რა საქმე აქვთ გახსნილი, გამოძიება რაზე მიმდინარეობს და ამის მიხედვით გადავწყვეტთ, რა პოზიცია დავიჭიროთ”, – თქვა თემურ ალასანიამ.

მანვე აღნიშნა, რომ ჩანაწერები, რაზეც გამოძიება საუბრობს, ავთენტური არ არის და ეს პროცესი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური პიარის მცდელობაა.

“არცერთი ჩანაწერი ავთენტიკური არ არის, ამათ ექსპერტიზას მე არ ვენდობი და ამიტომ ამაზე შინაარსობრივად განცხადებას არ გავაკეთებ. მე არ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, არ შემიტანია არავითარი განცხადება ან მოთხოვნა გამოძიებაზე. თუ დაირღვა ჩემი უფლებები, მე უნდა მოვითხოვო მათი დაცვა და მოვითხოვ იქ, სადაც ვცხოვრობ, ამერიკაში. მაგრამ, მე ამას არ ვთვლი საჭიროდ. ეს არის პოლიტიკური პიარი, ეს არის მცდელობა, საკმაოდ მოუხეშავი მცდელობა გადაიტანონ ძირითადი კრიზისული სიტუაციიდან, რაც გამოწვეულია სოციალური პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობით და მესამე პრეზიდენტის უკანონო პოლიტიკური დევნით”, – აღნიშნ მან.

რაც შეეხება საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზეზს, თემურ ალასანია ამბობს, რომ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღისთვის და ახალი წლის აღსანიშნად არის ჩამოსული:

„21 დეკემბერს არის ჩემი დისშვილის დაბადების დღე. დედაჩემის სასაფლაოზე არასდროს ვყოფილვარ, ახლა ახალი წელია და ჩამოვედი, რათა ჩემს დას გავუწიო რაღაც დახმარება, გვერდით დავუდგე მორალურად, აღვნიშნოთ ოჯახში მიშას დაბადების დღე. არ ვიცი, მე აქცია, არ მაინტერესებს, ეს არის თქვენი პრობლემა. თქვენ ცხოვრობთ ამ პრობლემებით, მსოფლიო ცხოვრობს სხვა პრობლემებით, არა აქციებით, არა პოლიტიკური პრობლემებით“, – განაცხადა თემურ ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშილილუაშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დადებითად არის შეფასებული სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მუშაობა
შემდეგი სტატიაპარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა