ალასანია – ხელისუფლების მიზანი ჩემი შვილის იზოლაციაში სიკვდილია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ხელისუფლება პოლონეთსა და საქართველოს შორის მეგობრობას ჩრდილს აყენებს. აღნიშნულის შესახებ გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედთან“ განაცხადა, სადაც პოლონეთის ვიცე-სპიკერი მალგორზატა გოშიევსკა არ შეუშვეს.

როგორც ყოფილი პრეზიდენტის დედა აცხადებს, სააკაშვილს მასთან პოლონეთის ერთ-ერთი ლიდერის შეშვების მოლოდინი არც ჰქონია.

„ქალბატონი მალგოზატა არის ძალიან ცნობილი პიროვნება, ის პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერია და უნდა გითხრათ, რომ მისი მეუღლე იყო ვიცე-პრემიერი პოლონეთში და დაიღუპა იმ თვითმფრინავში, რომელშიც დაიღუპა მთელი პოლონური პოლიტიკური ელიტა – კაჩინსკისთან ერთად. ეს ოჯახი ძალიან დამსახურებული ოჯახია. ქალბატონი მალგორზატა საქართველოს ძალიან დიდი ხნის მეგობარია, კონკრეტულად, ჩემი შვილის ძალიან დიდი ხნის მეგობარია, საერთოდ, საქართველოს და პოლონეთის მეგობრობა ცნობილია, ცოტა უცნაურიც კია, საზღვარიც კი არ გვქონდა საერთო, მაგრამ ისტორიულად ჩვენ ძალიან ხშირად ვიყავით ერთ კოალიციაში გაერთიანებული. ეს მეგობრობა ძალიან დიდი ძალაა. მე-19 საუკუნეში, როცა პოლონეთში აჯანყება ხდებოდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი გადმოასახლეს საქართველოში და მათი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ აქ და ისინი ღირსეული მოქალაქეები არიან საქართველოსი. ჩვენ ძალიან გვიყვარს პოლონელები, პოლონელებს უყვართ ქართველები და ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ბღალავს, ჩრდილს აყენებს ამ მეგობრობას, ეს დაუშვებელია“,- განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანი სააკაშვილის იზოლაციაში სიკვდილია.

„საკმაოდ კარგად აზროვნებს და გამოცდილებაც აქვს უკვე, ნაკლები მოლოდინი ჰქონდა. იზოლაციაში ჰყავთ, მოკლან იზოლაციაში, მიზანი ეს არის“, – განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის ჩემთან არშემოშვება, მხოლოდ ქვის ხანის ველურების გადაწყვეტილებაა – ამიტომაც, როგორც ჩანს, ევროპა აღარ გვაძლევს კანდიდატის სტატუსს: ველურების მთავრობას ევროპაში არაფერი ესაქმება
შემდეგი სტატიამეზვრიშვილი – ყველაფერს რომ გადაურჩეს კობახიძე, ვერ გადაურჩება ისტორიის განაჩენს, დანაშაულისთვის, რომელსაც ის და მისი გუნდის წარმომადგნლები ჩადიან საქართველოს ევროპული მომავლის წინაშე