აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე განაცხადა, რომ ეს პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის მტკიცე ნებას, ხელი შეუწყოს საქართველოს, როგორც „შუა დერეფნის“ სატრანზიტო ჰაბის გაძლიერებას. მისი თქმით, ახალი ინიციატივა პირდაპირ ეხმიანება გამოჩენილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის სტრატეგიულ ხედვას.
პერსელმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ წლების განმავლობაში საქართველოს საიმედო მხარდამჭერია. ამის დასტურად მან ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მიერ განხორციელებული ინვესტიციები დაასახელა და ახალი ფინანსური პაკეტის შესახებაც გამოაცხადა:
„ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში განვითარების კორპორაციამ საქართველოში კერძო სექტორში 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მათ შორის არის ფოთიც, სადაც თვალნათლივ ვხედავთ DFC-ის მიერ დაფინანსებულ 50-მილიონიან პროექტს. მოხარული ვართ, აღვნიშნოთ ამ კორპორაციის მიერ დამატებით 25 მილიონი დოლარის ინვესტიციის გამოყოფა, რაც „შუა დერეფნის“ ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაფართოებას მოემსახურება“, — განაცხადა ალან პერსელმა.**
დიპლომატის შეფასებით, რეგიონული კავშირების განმტკიცებას, ინფრასტრუქტურული ხარვეზების აღმოფხვრასა და სტაბილურობას ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება და ისეთი ინიციატივები, როგორიცაა „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP).















