ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ განცხადება გააკეთა აშშ-ის სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით ვენესუელაში. ბერსეს თქმით, ვენესუელაში მიმდინარე მოვლენები გაურკვევლობის მომენტია ვენესუელის ხალხისთვის და საერთაშორისო სტაბილურობისთვის.
„ეს გვიჩვენებს უფრო ღრმა ცვლილებას ახალ მსოფლიო წესრიგში, სადაც ძალის გამოყენება ნორმალიზებულია და კანონი იარაღად გამოიყენება“, – განაცხადა ბერსემ.
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი სამხედრო ძალის გამოყენება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სერიოზულ კითხვებს ბადებს საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, მათ შორის გაერო-ს ქარტიის ძირითად პრინციპებთან – სუვერენიტეტთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და ჩარევის აკრძალვასთან მიმართებაში.
„ევროპის საბჭომ უკრაინაზე მუშაობის გამოცდილებიდან იცის, რამდენად მყიფეა საერთაშორისო სამართალი, როდესაც ძალის გამოყენება ნორმალიზდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა და სანდოობა”, – აცხადებს ალან ბერსე.
ბერსეს თქმით, გარდამავალი პერიოდი ვენესუელაში უნდა იყოს მშვიდობიანი და დემოკრატიული.
„დემოკრატიამ მხოლოდ მაშინ შეიძლება, გაიმარჯვოს, როდესაც თავად ვენესუელელები დაიბრუნებენ მას ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის, სანდო არჩევნებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების აღდგენის გზით. დემოკრატია მდგრადია, როდესაც ის თავისუფლი გზით არის არჩეული და ლეგალურობაზეა დაფუძნებული. მსოფლიო, რომელიც გამონაკლისებით, ორმაგი სტანდარტებით ან კონკურენტული გავლენის სფეროებით იმართება, უფრო საშიში მსოფლიოა“, – აცხადებს ბერსე.
















