აკრიახებული „ქართული ოცნება“ და სააკაშვილის ფიქრები: ბიძინას 2 მილიარდი მე!

წიწილები შემოდგომაზე დაითვალეს და უცებ „საქათმე აკრიახდა“, აღმოჩნდა, რომ თურმე, ეს ის არ არის, რაც მათ აქამდე ეგონათ. თურმე, ეს სხვა რამ არის და თურმე, „წინასწარმეტყველებამ“ – „პირველი წელიწადი იქნება რთული. მეორე წელი იქნება საგრძნობლად უკეთესი. მესამე წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი“ – შეიძლება მეექვსე წელს სრული ფიასკო განიცადოს, იმიტომ რომ მეხუთე წელს ყველაფერი იყო ბურუსით მოცული.
სააკაშვილს თუ დავესესხებით, წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ „მსოფლიოში მაღალხარისხიანი“ წაგება დადო საარჩევნო შედეგების პინაზე.
თუ „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს, დავუჯერებთ, დაახლოებით ერთპროცენტიანი „მოგების“ მიზეზი ყოფილა ის, რომ: „პარტიამ არ წარადგინა საკუთარი კანდიდატი და დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერამ შეასუსტა ჩვენი ამომრჩევლების მობილიზაციის პროცესი“, და თურმე პარტიას მუშაობაში ხელი შეუშალა „ბოლო რესურსებით ამუშავებულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ და სრულად ნეგატიურმა კამპანიამ“.
სოფო კილაძე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, უფრო შორს წავიდა და „მოგება“ ღმერთს დააბრალა: „ყველაფერი უფლის ნებით ხდება. ეს არის დიდი გაფრთხილება, რომ ჩვენ არ ავცდეთ ჭეშმარიტ გზას“.
„ქართული ოცნების“ სახე და რეგიონების კურატორი პარტიული ხაზით, დიტო სამხარაძე არჩევნების შემდეგ კითხულობს: „ღნაცებს მართლა გამარჯვებული გონიათ თავი?“ არჩევნებამდე კი გვამცნო, რომ: „მე ნაცხოვრები მაქვს ემიგრაციაში. ვიცი ეს რა გრძნობაც არის, ვერ ახსნი! ჩემი მშობლები დღესაც ემიგრაციაში ცხოვრობენ. მამაჩემი ვიტალი სამხარაძე ფინეთში და დედაჩემი ქეთევან რუსაძე იტალიაში! ორივეთი ვამაყობ! დედაჩემი ისე, როგორც ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა, ოჯახში მუშაობს მოხუცს უვლის. მე ის მეამაყება. ყველა ემიგრანტი რთული შრომით ეხმარება ჩვენს სამშობლოს და ეს დასაფასებელია! მე ვირჩევ ჩვენებურ პრეზიდენტს! სალომე ზურაბიშვილი 48“. ანუ, მმართველი პარტიის წამყვანი ძალა, რეგიონების „ზედამხედველი“, არჩევნაბამდე რამდენიმე დღით ადრე, 25 ოქტომბერს, წერს, რომ „ოცნების“ ყველა დაპირება, მათ შორის მთავარი – დასაქმება და ასი ამუშავებული ქარხანა – იყო „წყალი და მეწყერი“! რომ თურმე ის ამაყობს დედამისი იტალიაში მოხუცს რომ უვლის, მამამისი კი ფინეთში როა. როგორც ჩანს, კოლეჯდამთავრებულ დეპუტატს ეგონა ვინმე შეიცოდებდა – უი, ეს როგორი გაჭირვებული ყოფილაო, ამიტომ რეგიონებიდან თბილისში სხვადასხვა ბაზრობაზე „დასაქმებული“ ადამიანები მიწერის ადგილებს დაუბრუნდებოდნენ და საარჩევნო ყუთებთან დამწკრივდებოდნენ, თორემ ამ სტატუსის „დატვირთვა“ გარდა იმისა, რომ ხელისუფალი მოსახლეობას სამუშაო ადგილებს ვერ უქმნის, სხვა რა უნდა იყოს?! სამხარაძე ვერ მიხვდა რა დაწერა, ისევე, როგორც ვერ მიხვდა დავით ბაქრაძე, რას ამბობდა თავის საარჩევნო კლიპში, ქართველებს საზღვარგარეთ დასაქმებას რომ ჰპირდებოდა.
მოკლედ, ვიდრე მმართველი პარტიის „კიტები“ გადაწყვეტენ „ვისი ვიოლინო, ვის როიალშია“ და ვინ უკეთესი „პირსახოცია“, „ის მაინც ბრუნავს“ და არა „ოცნების“ სასარგებლოდ! მეორე ტურამდე ერთი თვე გვაშორებს, გუნდი ხალხთან „გუნდაობს“ და ახალ „მესიჯებს“ აგზავნის: დავინახეთ, რომ ბევრი რამ გამოსასწორებელია და გამოვასწორებთ. როდის? ერთ თვეში თუ მეშვიდე სუპერ-არაჩვეულებრივ წელს?
ისევ კახა კალაძეს „დავესესხებით“: „სამწუხაროდ, როგორც ყველა ხელისუფლებას, ჩვენც ძალაუფლების კონცენტრაციამ, შეიძლება ითქვას, გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა და შესაბამისად, მთელ რიგ შემთხვევებში არ ხდებოდა ადეკვატური უკუკავშირი, კომუნიკაცია საზოგადოებასთან“. შეიძლება „დიდ ენერგეტიკოსს“ არ ახსოვდეს, მაგრამ თბილისის მერად არჩევის შემდეგ კახა კალაძემ, პირველი განცხადება, სწორედ კომუნიკაციას და გაკეთებული საქმეების არასათანადოდ გაშუქებას მიუძღვნა და… პიარში მიიყვანა, ნაციონალების მხარდაჭერით სახელგანთქმული, „მოდელირებული ქრონიკის“ ერთ-ერთი თანაავტორი ეკა ჯოჯუა. საინტერესო არჩევანია, არა? საინტერესოა ისიც, ვისი დამსახურებაა, რომ თურმე წინასაარჩევნო პერიოდში „არ ხდებოდა ადეკვატური უკუკავშირი, კომუნიკაცია საზოგადოებასთან“? იმ არანაციონალი, მაგრამ მაღალკვალიფიციური ჟურნალისტების დამსახურებაა ხომ არაა შემთხვევით, ვინც კალაძემ ერთი ხელის მოსმით გაუშვა სამსახურიდან და დღემდე სახლებში რომ სხედან? თუ ესეც უფლის ნებაა ?
საინტერესოა, რატომ ჰგონია, ეკა ჯოჯუას, რომ არავინ იცის მისი ვოიაჟების შესახებ ნაცელიტასთან? რატომ ჰგონია ვინმეს, რომ მაგალითად, სააკაშვილის ცნობილი ზონდერისა და მარჯვენა ხელის, უდესიანის სასარგებლოდ „გაიმასქნებული“ საქმეები არავინ იცის? და, რომ იპოდრომის შესასვლელთან მშენებლობის ნებართვის გაცემა (რაც აქამდე დაუშვებლად იყო გამოცხადებული) უფლის ნებაა? ან გაგარინის მოედანზე ცათამბჯენის აშენებისთვის ნებართვის გაცემა, რატომ უნდა იყოს ვითომ შემთხვევითი?
როდის გაწყდა კავშირი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის? მაშინ ხომ არა, „ქართული ოცნების“ „აღმოჩენა“ ნინო კობახიძე პატიოსან, მოუსყიდველ ჟურნალისტებზე ჭორებს რომ ავრცელებდა – ფულზე მუშაობენ და არ გვინდაო? იმ დროს ხომ არა, კობახიძის გარეშე პიარში „კაცი რომ ვერ გაიჭაჭანებდა“ და ყველა მინისტრი საკადრო პოლიტიკის „დალაგებაზე“ კობახიძის თანხმობას რომ ელოდებოდა? დღეს „ენთუზიაზმზე“ მომუშავე კობახიძე რომ ბეჟუაშვილებთანაა გადაბარგებული და ისევ პოლიტიკაში დაბრუნებაზე ოცნებობს, არა უშავს? თუ ბეჟუაშვილებთან იმიტომ გადავიდა, რომ ხელფასი უფრო მეტი აქვს და უფრო მეტად დაეხმარება გაჭირვებულებს, ისევე, როგორც „ეხმარებოდა“ „სკამოსნობის“ პერიოდში – მას ხომ ერთხელაც არ წაუღია სახლში არც ხელფასი, არც დანამატი, არც პრემია?
მოდი და ასეთ ვითარებაში ნუ ინატრებ მეტეორს, მეხს, ჭექა-ქუხილსა და წარღვნასაც კი, „ამათ“ თავზე!
თავიდანვე შევთანხმდეთ, ეს არჩევნები არ წაუგია სალომე ზურაბიშვილს, ეს არჩევნები წააგო ბიძინა იბანიშვილმა და მისმა გარემოცვამ. ისევ დიტო სამხარაძეს დავეყრდნოთ: „სამწუხარო ის არის, ნაცზე მეტად გახარებული, ის მოღალატე ლაჩრები ვნახე, ჩასაფრებული რომ არიან იქნებ რამე ცუდი მოგივიდეს, რომ წამოგაძახოს! ის რაც გუშინ მოხდა, ლუსტრაციაა! ყველასი! მთელმა ქვეყანამ დაინახა ვის მოენატრა სააკაშვილის სისხლიანი, ცოცხგაყრილი რეჟიმი და რაც მთავარია, ჩევენც დავინახეთ ბევრი რამე“. გესმით? თურმე ლაჩრების, გამყიდველების, დროის შესაბამისად მოხტუნავე ხალხის პარტიაში ყოფნა, უფლის ნება ყოფილა!
რა უნდა გამოასწოროს მმართველმა ძალამ ამ ერთ თვეში? სამართლიანობას აღადგენს, თაროებიდან ჩამოიღებს უამრავ გაუხსნელ საქმეს, რაც კორუფციას, წამებას, მკვლელობას ეხება და გახსნის? მეტეორივითაც რომ „ჩამოიქროლონ“, ლაშა ნაცვლიშვილმა ნაცებთან „ჯენლტმენური გარიგება“ რომ დადო – ძველ და საინტერესო საქმეებს არ ვეხებითო – სად წაუვა? სხვათაშორის, ამ გარიგების შესახებ, ყველა ადვოკატმა იცის და რაც ყველა მათგანმა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფ საქმეებზე (მათ შორის, პოლიტპატიმრების) იწვნია! სად წაუვა ხელისუფლება მოცემულობას, დღეს ხომ ყველამ იცის რომ პროკურატურის, თავდაცვის და იუსტიციის სამინისტროების თანამშრომლებმა ვაშაძის გამარჯვებით გამოწვეული სიხარული ვერ დაფარეს? სად გაექცევიან ამას? არადა, რეალურად თითქოს არაფერი აკლიათ, აქვთ ხელფასი, პრემია, დანამატი, არავინ ეუბნებათ „წინ დამსვი“, არავინ ეცილებათ არაფერში, პირიქით სულ მაღლა და მაღლა მიდიან. მაშ რამ გაახარა ამ უწყებების თანამშრომლები? ან რა ეწყინათ? დიახ, ისინი საქმეს არ აფუჭებდნენ დასაქმებულ ადგილებში, პირიქით მუშაობდნენ და მუშაობდნენ. შედეგიც დადეს!
რა უნდა გამოასწოროს მმართველმა ძალამ ერთ თვეში? ყველა ყოფილი ჩინოსანი, რომელთაც მათ გაუხსნეს „ხელ-ფეხი ახალ ხელისუფლებაში“, მილიონებით და ხელშეუხლებლობის „პარაშუტით“ რომ გაუშვეს, ამას „მოაკვარახჩინებს“? ღარიბი დეპუტატი ჩვენ ვიცოდით მხოლოდ პეტკა (ცისკარიშვილი), ახლა ვიცით ღარიბი ნამინისტრალი, მაგალითად, ზურაბ ალავიძე. მმართველმა გუნდმა თუ არ იცის, დაეკითხონ ესპანეთის ყოფილ ელჩს, ამჟამად გაეროში ტურიზმის გენმდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს და აჩვენებს ალავიძის სახლს ესპანეთში. მაგრამ განა „ჩერეზ“ ალავიძით არ ხდებოდა კეზერასთან საქმეების დალაგება, პირი რომ გააღოს და თქვას – ააააააააააა – სად მიდიხართ მერე?
როგორ უნდა გამოასწოროს ამ ერთ თვეში მმართველმა პარტიამ, რაც კოჰაბიტაციამ მოიტანა? „ბადრი ბიძია, დათო ბიძია, მიშა ბიძია, კიდევ მიშა ბიძია“ მარიკა ვერულაშვილს ჩამოაშორებს იმ ფულის საჭრელ მანქანას (სამშენებლო ბიზნესს), რაც უფეშქაშეს? თუ დათო კირკიტაძეს, რომელიც კარგა ხანი ვერ ჩამოდიოდა საქართველოში და ახლა თავისუფლად მოგველანდა მარნეულში „იმენნა“ არჩევნების დროს, დააკავებს რუსთავის ბაზრობის საქმეზე? რაო, ზარდიაშვილს, ნონიაშვილს, მურუსიძეს, ჩხარტიშვილს (რომელმაც გაფცქვნა საქართველო, ხოლო მკვდარ პარტნიორს ბადრი პატარკაციშვილს ქონება „აახია“), კოდუას, რომლის დედასაც „საქართველოს ბანკის“ ვალი „ქართუმ“ დაუფარა, ფარცხალაძეს, მდინარაძეს და ასე შემდეგ, გააქრობს?
გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და სიაც რომ ვრცელია, ეს ამ სტატიის მკითხველს კარგად მოეხსენება, ამიტომ აღარ გადაგღლით და ფინალს გეტყვით. ამ „ნაწილში“, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ სააკაშვილის საუბრის ფარული ჩანაწერი ჯერ არავის გამოუქვეყნებია, მაგრამ ყველა ნაცმა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ქოცმაც იცის მიჰას ოცნება, რომელსაც სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აიხდენს. უკვე უთქვამს: ბიძინას 2 მილიარდი ჩემთვის მინდა, 3 მილიარდი პროექტებისთვის! ესეც 5 მილიარდი, სიმბოლურად. ერთ მილიარდსაც მოუძებნის „მისამართს“ მიშა ისეთი ნიჭიერია და ასე დასრულდება „ოდისეა“.
რა მოიგო ბიძინა ივანიშვილმა? თავდაპირველად დაახარისხა პარტიები და ამაში ვერავინ შეედავება, ვინც არ უნდოდა არ მიიღო, ვინც უნდოდა მოიყვანა. ვინ მოიყვანა? „რესპები“, რომლებიც დღეს ნაცებს უჭერენ მხარს. გუბაზი, რომელიც ვერ გახდა მილიონერი და გაბრაზდა. კოჰაბიტირებული ნაცები, რომლებიც დღეს სადაც არიან კი ვხედავთ. მოიყვანა ეს ხალხი და დაურიგა 100-100 ათასი, პარტია გააძლიერეთო. კახელი გლეხისა არ იყოს, დასეტყვილი ვენახი გადაარჩინეო, ფული რომ მისცა ივანიშვილმა და „პიპია“ იყიდეს, პარტიებმაც პარტიის გარდა ყველაფერი გაიძლიერეს. დასვა ხელისუფლებაში ეს ხალხი და კოჰაბიტაციაო, ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთო. ზოგი „რეჟიმის მსხვერპლად“ გამოაცხადეს, ზოგის პორტირებას ტაშით შეხვდნენ, გზადაგზა იმდენი ნაცმაცუნა „აიყვანეს“, ტაში ჯერ ხანგრძლივ ტაშში, ბოლოს კი ტაშ-ფანდურში გადაიზარდა და კი ვხედავთ შედეგს. ხალხი კი ბანკირის დაქირავებამდე გაკოტრდა – რატომ უკვირთ დღევანდელი „მოგება“, ცოტა არ იყოს გასაკვირია.
ერთ თვეში არაფერიც არ გაკეთდება, ექვსი წელი არაფერი გაუკეთებიათ და ივანიშვილი მილიარდერი კი არის, მაგრამ ჯადოქარი არაა. ივანიშვილი მიხვდა რომ ყველაზე მთავარი ფული არაა. მთავარი ხალხია. ახლა ხალხს, საბედნიეროდ ჯერ კიდევ უმრავლესობას, ნაცების აყვავება არ უნდა, ამიტომ ხალხი უცებ დაივიწყებს „კოლექტიურ ზარდიაშვილებს“ და სწორადაც მოიქცევა, თუმცა რა მომავალი უნდა დადოს საქართველოსთვის რეალობამ? აქ ხომ ნაცი და ქოცი არ არსებობს, აქ არიან ნაცები და ნაცები...

 

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშილალი ბადურაშვილი საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია:კლავიატურის ვირთხები ხართ, უტრაკო, ჩმორი და არფრისმაქნისი…