დღევანდელ საქართველოში მთავარი პრობლემა ინფორმაციის დეფიციტი კი არ არის, არამედ პოლიტიკური ხმაურითა და ლანძღვით გადაფარული დუმილია იქ, სადაც კრიტიკული კითხვები უნდა ისმოდეს. აკია ბარბაქაძე თავის ახალ წერილში ეხება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცოცავ ანექსიას — პროცესს, რომლის რეალურობას თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს, თუმცა ხელისუფლებაც და საზოგადოებაც ისე იქცევიან, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება. ბარბაქაძე მიიჩნევს, რომ როდესაც საზოგადოება ქვეყნისთვის უმთავრეს საფრთხეებზე კითხვების დასმას წყვეტს, პასუხებს ჩვენს ნაცვლად და ჩვენსავე საზიანოდ მოსკოვში წერენ.
“ვისწავლოთ კითხვების დასმა
დღევანდელ საქართველოში მთავარი პრობლემა ხშირად ინფორმაციის არქონა კი არ არის, არამედ კითხვების არდასმაა.
გვაყურებინებენ პოლიტიკურ სპექტაკლებს, გვასმენინებენ ყოველდღიურ ხმაურს, გვაცქერინებენ ერთმანეთის ლანძღვას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე კრიტიკული კითხვები პრაქტიკულად არ ისმის.
ამ დღეებში ბევრმა გააანალიზა, რომ შესაძლოა „ოცნებასა“ და რუსეთს შორის ყველაფერი ისე დალაგებული აღარ იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამაზე სხვადასხვა ინტერპრეტაცია არსებობს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია — ბოლო პერიოდში გაჩნდა მოვლენები, რომლებიც სერიოზულ კითხვებს აჩენს.
ამ მსჯელობის წრესაწიერს აუცილებლად უნდა დავამატოთ 9 მაისს ვლადიმერ პიტინის და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის გაფორმებული ახალი შეთანხმება „გაღრმავებული მოკავშირეობრივი თანამშრომლობის შესახებ“. დოკუმენტი მალევე შევიდა რუსეთის სახელმწიფო დუმაში და დაჩქარებული წესით რატიფიცირდა.
მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება ცალკე აღებული მოვლენა არ არის. ის ჯდება იმ მრავალწლიანი პროცესის ლოგიკაში, რომლის ფარგლებშიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ეტაპობრივად ინტეგრირდება რუსეთის სამხედრო, ეკონომიკურ, სოციალურ და სამართლებრივ სივრცეში.
რა გვაქვს დღეს ფაქტობრივად?
რუსეთსა და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმს შორის უკვე წლებია მოქმედებს სამხედრო თანამშრომლობისა და „ერთიანი უსაფრთხოების სივრცის“ მექანიზმები; ცხინვალის შეიარაღებული ფორმირებები მონაწილეობდნენ რუსეთის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ უკრაინაში; რეგიონის სოციალური და საპენსიო სისტემა პრაქტიკულად მთლიანად მიბმულია რუსულ დაფინანსებაზე; მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აქვს რუსეთის მოქალაქეობა და რუსული პასპორტები; მოქმედებს ორმაგი მოქალაქეობის რეჟიმი; წლების განმავლობაში არაერთხელ დაისვა ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებისა და რუსეთის ფედერაციაში შესვლის საკითხი;
ახალი შეთანხმება უკვე ითვალისწინებს:
კოორდინირებულ საგარეო პოლიტიკას,
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროების კიდევ უფრო ღრმა სინქრონიზაციას,
ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული სისტემების ინტეგრაციას,
ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო სივრცეების დაახლოებას,
სამართლებრივი ნორმების ჰარმონიზაციას,
კაპიტალის, შრომისა და მომსახურების თავისუფალ მოძრაობას.
ანუ, თუ პროცესს ემოციის გარეშე შევხედავთ, ჩნდება სრულიად ლეგიტიმური კითხვა:
რა განსხვავებაა „დე ფაქტო ინტეგრაციასა“ და ნელ, ეტაპობრივ ანექსიას შორის?
ამ კითხვას კიდევ უფრო ამძაფრებს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: წელს სუს-ის ოფიციალურ ანგარიშში პირდაპირ ჩაიწერა, რომ რუსეთი ამზადებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ანექსიას.
ეს უკვე ოპოზიციის შეფასება აღარ არის.
ეს არის თავად ქართული სახელმწიფოს ოფიციალური უსაფრთხოების შეფასება.
და სწორედ აქ იწყება მთავარი კითხვები.
თუ სახელმწიფო ამბობს, რომ ანექსიის საფრთხე რეალურია:
რატომ არ იქცა ეს ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ თემად?
რატომ არ მიმდინარეობს ყოველდღიური საჯარო დისკუსია?
რატომ არ ვხედავთ მუდმივ საერთაშორისო კამპანიას?
რატომ არ ისმის ხელისუფლებისგან მკაფიო პოლიტიკური პასუხები?
რატომ არ იქცა ეს ეროვნული კონსოლიდაციის საკითხად?
თუ ხელისუფლება რეალურად ხედავს საფრთხეს, მაშინ რატომ იქცევა ისე, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება?
და პირიქით — თუ საფრთხე გადაჭარბებულია, მაშინ რატომ წერს ამას თავად სუს-ი ოფიციალურ დოკუმენტში?
აქ მნიშვნელოვანია ერთი დაზუსტებაც: არასწორი იქნებოდა იმის მტკიცება, თითქოს უკვე გადაწყვეტილია ხვალინდელი ფორმალური ანექსია. პოლიტიკაში პროცესები ყოველთვის ხაზოვნად არ ვითარდება. მაგრამ ასევე არ შეიძლება ვერ დავინახოთ, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში რუსეთი თანმიმდევრულად აკეთებს ერთსა და იმავეს — სამხედრო, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი ინტეგრაციის გაღრმავებას.
და სწორედ ამიტომ კითხვები აუცილებელია.
რატომ არ უპასუხეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებს? რატომ არ უპასუხეს გოსდუმის დეპუტატების მუქარებს? რატომ გაჩერდა მოულოდნელად ნეიტრალიტეტის აქტიური პროპაგანდა? რატომ გაქრა 78-ე მუხლის ამოღებაზე ღია საუბარი? რატომ შემცირდა პარტიების აკრძალვის რიტორიკა?
შეიძლება ამ ყველაფერს სხვადასხვა ახსნა ჰქონდეს. შესაძლოა ნაწილი უბრალოდ შიდა პოლიტიკური ტაქტიკაა. შესაძლოა ნაწილი საგარეო წნეხთან იყოს დაკავშირებული. შესაძლოა თავად ხელისუფლებაც ცდილობდეს რთული ბალანსის შენარჩუნებას. მაგრამ ყველაზე ცუდი სცენარი ის არის, როდესაც საზოგადოება საერთოდ წყვეტს კითხვების დასმას. რადგან როდესაც საზოგადოება კითხვებს აღარ სვამს, პასუხებს უკვე სხვები წერენ — ხშირად ჩვენს ნაცვლად და ჩვენს საზიანოდ”,_ წერს აკია ბარბაქაძე.ა
















