ახვლედიანი – სწორედ ჩვენი გმირების თავგანწირვის სულისკვეთებით, უნდა გავაგრძელოთ სამშვიდობო პროცესის განხორციელება

ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენი გმირების ქვეყნისთვის თავგანწირვის სულისკვეთებით, დაუღალავი შრომით და გაძლიერებული ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ სამშვიდობო პროცესის განხორციელება, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, მთავრობის წევრებთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„დღევანდელი თარიღი განასახიერებს თითოეული ჩვენგანისთვის უაღრესად მტკივნეულ, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენი აფხაზეთის მკვიდრთა განუზომელი დარდის, ადამიანური ტრაგედიებითა და მსხვერპლით გამოწვეული განუზომელი ტკივილის, ასიათასობით დევნილის განსაცდელის და ჩვენი უამრავი თანამოქალაქის ცრემლიან ისტორიას. დღეს მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების და ყველა იმ მოქალაქის წინაშე, რომელთა ღვაწლი გაწეული ქვეყნის ერთიანობისთვის ყოველთვის გვემახსოვრება. ჩვენ ყველამ ერთად, სწორედ ჩვენი გმირების ქვეყნისთვის თავგანწირვის სულისკვეთებით, დაუღალავი შრომით და გაძლიერებული ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ სამშვიდობო პროცესის განხორციელება, რათა მივაღწიოთ ჩვენი ხალხის გაერთიანებას, აფხაზთა და ქართველთა კეთილდღეობას, საერთო, ძლიერ და ევროპულ სახელმწიფოში“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

banner
წინა სტატიაშიკუჭავა – ნდობისა და ძმობის აღდგენით შევძლებთ, გავაერთიანოთ ქვეყანა
შემდეგი სტატიაბოკერია – არავინ არსად გადადგება, თუ 2 ოქტომბერს არ მივედით და ჩვენ არ გადავაყენეთ ეს ხელისუფლება