ახვლედიანი: 2030 წლისთვის ქართულ ენაზე წერა-კითხვა და საუბარი ეცოდინება არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულთა სრულ უმრავლესობას

2030 წლისთვის ქართულ ენაზე წერა-კითხვა და საუბარი ეცოდინება არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულთა სრულ უმრავლესობას, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა 10-წლიანი ხედვისა და სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.

ახვლედიანის თქმით, ჩვენი ქვეყნის ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების ინტეგრაციის მიზნების მისაღწევად, პირველი რიგის და ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად განიხილება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.

„ბოლო წლებში სახელმწიფოს ძალისხმევით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, სახელმწიფო ენის ცოდნა ჯერ კიდევ დიდ გამოწვევად რჩება, რომლის დასაძლევად ჩვენ შევიმუშავეთ კიდევ უფრო ქმედითი მექანიზმები ქართული ენის პოპულარიზაციის, შესწავლის შესაძლებლობების გაფართოების და ხარისხის გაუმჯობესების, საჯარო სივრცეში გამოყენების მიზნით.

სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესების კომპლექსური ღონისძიებების გატარება, როგორც ფორმალურ განათლებაში – საბავშვო ბაღებში, სკოლებში, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში – ასევე ზრდასრულთა და არაფორმალური განათლების მიმართულებით, რამდენიმე წელიწადში არსებით და ხელშესახებ შედეგებს მოიტანს, პირველ რიგში, სასწავლო პროგრამებისა და მეთოდოლოგიის გაუმჯობესების, ისევე როგორც გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაფართოების გზით“, – აცხადებს ახვლედიანი.

მინისტრის თქმით, ახალი ხედვის ფარგლებში ქართული ენის სწავლება დაიწყება სკოლამდელი განათლების დონეზე.

„ენის სასწავლო კურსები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მათ შორის მობილური ჯგუფებისა და დისტანციური განათლების საშუალებით; ასევე, გაფართოვდება და უფრო მასშტაბური გახდება ენის სწავლება საჯარო ორგანიზაციებში, სამხედრო სამსახურში, რელიგიურ დაწესებულებებში, სასწავლო ცენტრებსა და პენიტენციურ სისტემაში.

სიახლე ისიცაა, რომ სახელმწიფო ენის პროგრამებს დაემატება საინტეგრაციო კომპონენტი ბენეფიციარების ასაკის შესაბამისი კონტექსტით. სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების წარმატებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს განათლების დონე.

ჩვენი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეებისთვის, რომლებიც მოსახლეობის 13,1%-ს შეადგენენ, ხელმისაწვდომია განათლების ყველა საფეხური – შექმნილია უნიკალური და გამარტივებული გზა უმაღლესი და პროფესიული განათლების მისაღებად.

მიუხედავად ამისა, საინტეგრაციო მიზნებიდან გამომდინარე, განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის განგრძობადი ამაღლება კვლავ ჩვენს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პრიორიტეტად დავისახეთ, რომელიც გაძლიერდება ახალი მექანიზმებით როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებაში“, – აცხადებს მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: IRI-ის და NDI-ის კვლევები არავითარ ნდობას არ იმსახურებს, რადგან სამუშაოები ტარდება „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების მიერ
შემდეგი სტატიაახვლედიანი: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან შემოსულია სამჯერ მეტი, 85 კვალიფიციური ბიზნესპროექტის განაცხადი