ახვლედიანი: 2020-2021 წლებში ოკუპირებული რეგიონების 2 000-ზე მეტმა მაცხოვრებელმა მიიღო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება

ჩვენ არ შეგვიჩერებია აფხაზეთის რეგიონის რეგულარული მომარაგება სამედიცინო საშუალებებით, მათ შორის, იმუნიზაციისა და გრიპის ვაქცინებით, დიაბეტის, ტუბერკულოზის, აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტებით, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„სამშვიდობო ინიციატივის გარდა, მოკლედ მინდა შევეხო ჩართულობის პოლიტიკის სხვა მიმართულებებს, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზე ზრუნვისა და მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შექმნის თვალსაზრისით. კრიტიკული მნიშვნელობის არის უფასო ჯანდაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამა, რომლის მიმდინარეობა პანდემიის დროსაც კი არ შეფერხებულა. 2020-21 წლებში პროგრამით ოკუპირებული რეგიონების 2 000-ზე მეტმა მაცხოვრებელმა ისარგებლა და მიიღო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება სხვადასხვა პროფილურ კლინიკაში. გარდა ამისა, ჩვენ არ შეგვიჩერებია აფხაზეთის რეგიონის რეგულარული მომარაგება სამედიცინო საშუალებებით, მათ შორის, იმუნიზაციისა და გრიპის ვაქცინებით, დიაბეტის, ტუბერკულოზის, აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტებით, რომელთა ღირებულება ყოველწლიურად მილიონ-ნახევარ ლარს აღწევს; ჯანდაცვის საერთო კომპონენტებზე დახარჯული თანხა კი, ჯამში, ხუთ მილიონ ლარს აჭარბებს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მიმდინარეობს კოვიდინფიცირებული პაციენტების გადმოყვანა და მკურნალობა.

„გლობალური პანდემიის ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობის დახმარებამ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, რაც კორონავირუსის გავრცელების პირველივე ეტაპიდან რამდენიმე კომპონენტად, ძირითადად, აფხაზეთის რეგიონის მიმართულებით განხორციელდა, სამედიცინო საშუალებების მიწოდების, ცნობიერების ამაღლების, ექსპერტიზისა და გამოცდილების გაზიარების ჩათვლით. რაც ყველაზე მთავარია, მიმდინარეობს კოვიდინფიცირებული პაციენტების გადმოყვანა და მკურნალობა. ამ დრომდე, კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობა გაეწია 800-ზე მეტ კოვიდინფიცირებულ პაციენტს. ამ მიზნით, რეკორდულად სწრაფ დროში აღიჭურვა და ამოქმედდა რუხში არსებული კლინიკა“, – აღნიშნა თეა ახვლედიანმა.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ცუდად გახდა და წაიქცა
შემდეგი სტატიასამხარაძე – მე-18 დაწესებულებიდან სააკაშვილის სხვაგან გადაყვანა არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი