ახმედ იმამკულიევი: არ ვიცნობ არც ერთ დაკავებულს მარნეულში

“ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა “მაესტროს” ეთერში განაცხადა, რომ მარნეულის ინციდენტში მონაწილე პირებს არ იცნობს.

გადაცემა “ღამის კონტაქტში” წამყვანმა მას მარნეულის კადრები აჩვენა და სთხოვა, იდენტიფიცირება მოეხდინა არეულობაში მონაწილე იმ პირების, ვინც საარჩევნო უბანთან ქვებს ისროდა.

“შესაძლებელია, ის, რომელიც ქვას ისვრის კადრებში, ერთ-ერთი ადგილობრივი ამომრჩეველი იყოს, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ შესაძლოა, ჩვენი აქტივისტები იყვნენ. 10 ათასმა ადამიანმა მომცა ხმა და ყველას პირადად, სახელით და გვარით ვერ ვცნობ. მე ვდგავარ ყველა იმ დაკავებული ადამიანის გვერდით, რომელიც შსს-მ დააკავა, თუმცა ყველას არ ვიცნობ სახელით და გვარებით”, – განაცხადა იმამკულიევმა.

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, არჩევნების დღეს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, შსს-მ 6 პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ისინი მოქალაქეებს საარჩევნო უბანში შეჭრისა და საარჩევნო ყუთის გატაცებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო ადგილზე წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დაშავდა. თავდამსხმელებმა საარჩევნო ყუთის გატაცება ვერ შეძლეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იქნა პოლიციის დამატებითი ძალები. სამართალდამცველების ჩარევის შედეგად, სიტუაცია განიმუხტა.

banner
წინა სტატიაში“ჩემს ამომრჩეველს ვეტყვი, რომ მათი ხმა არ დაკარგულა” – უსუფაშვილი სამომავლო გეგმებზე
შემდეგი სტატიათამარ კეკენაძე: “თავისუფალი დემოკრატები” სრული შემადგენლობით ჭიათურისკენ ვიქნებით მობილიზებულნი